logo_geo
ეკა ბესელია: ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, ვფიქრობთ, მისი გაუქმება არ შეიძლება
- +

21 დეკემბერი. 2016. 23:05


 


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა, რომ კანონი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს და პარლამენტი მოპასუხეა, ეხება საგამონაკლისო ნორმებს, სადაც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" კანონის ნორმები გამონაკლის შემთხვევებში მოქმედებს, როცა საქმე ეხება ტერორიზმს, ქვეყნის უსაფრთხოებას და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში მყოფ პირებს.


მისი თქმით, „ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების დასუსტება, დღეს გაზრდილი ტერორიზმის საფრთხეების ფონზე, საფრთხეს შეუქმნის ჩვენივე მოქალაქეების დაცულობას და უსაფრთხოებას".


„ეს არ არის ორდინალური შემთხვევები. ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, ვფიქრობთ, მისი გაუქმება არ შეიძლება. მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, კონტრდაზვერვითი და კონტრტერორისტული საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფების ეფექტურად მუშაობისთვის განსაზღვრული ინსტრუმენტების შეზღუდვის მოთხოვნა არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ხელის შეშლის მცდელობა. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელთა საფუძველზეც კონტრდაზვერვითი, კონტრტერორისტული საქმიანობის ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეზღუდული დროით დასაშვებია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის (შესაძლო) საეჭვო პირის, (მოსამართლის ნებართვის გარეშე) ფარული თვალთვალი და მიყურადება, ხელ-ფეხს გაუხსნის ტერორისტებს და ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველებს. სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკა სწორედ ის არის, რომ პრევენცია განახორციელოს და ტერორისტებამდე ადრე გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, ამიტომ მათ კონტრდაზვერვითი საქმიანობის წარმოებაში, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ხელოვნურ ბარიერებს და დამატებით პრობლემებს არ უნდა ვუქმნიდეთ, მითუმეტეს, დღეს მომეტებული საფრთხეების ფონზე, როდესაც მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში, უსაფრთხოების სამსახურებს უფლებამოსილებას უზრდიან და სახელმწიფოების ძალისხმევა უსაფრთხოების სამსახურების, გაძლიერებისკენ არის მიმართული, განსაკუთრებით კონტრდაზვერვის მიმართულებით. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მსგავსი დაუფიქრებელი მოთხოვნებით, ჩვენ შეიძლება საფრთხე შევუქმნათ ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

big_banner
არქივი