logo_geo
დავით დონდუა: რუსეთმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჟენევის დისკუსიების ფუნდამენტური პრინციპები!
- +

28 მარტი. 2018. 21:56


 

„ძალის გამოუყენებლობაზე ერთობლივი განცხადების თაობაზე რუსეთმა თავი აარიდა კონსტრუქციულ მსჯელობას, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც არის დამყარებული ჟენევის მოლაპარაკებები", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ძალის გამოუყენებლობის საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.


„მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განვიხილეთ, არის ძალის გამოუყენებლობის თაობაზე მონაწილეების ერთობლივი განცხადება. ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში, ვიდრე ამ საკითხს განვიხილავდით, რუსეთის წარმომადგენლებმა გააკეთეს რამდენიმე ისეთი განცხადება, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ დღის მეორე ნახევარში ამ საკითხზე შინაარსობრივი მსჯელობა არ მომხდარიყო და რეალურად ასეც მოხდა - მათ თავი აარიდეს კონსტრუქციულ მსჯელობას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ის ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც არის დამყარებული ჟენევის მოლაპარაკებები. ამის შემდეგ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით საგნობრივი მსჯელობა უკვე რთული იყო. ამ მხრივ, ამ რაუნდზე წინ ვერაფრით წავიწიეთ.

 

მსჯელობა გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება ისეთი განცხადება, ტექსტი და მზაობა, რომ ეს ყველაფერი ქაღალდიდან გადავიდეს პრაქტიკაში, ქმედებებში, ვიდრე არ იქნება გათვალისწინებული ჩვენი ყველა ის პრიორიტეტი, რომელსაც იზიარებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც თანათავმჯდომარეობენ ამ ფორმატს", - განაცხადა დავით დონდუამ.

 

მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი ჟენევაში 27-28 მარტს მიმდინარეობდა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა. ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ტექსტის შემუშავების გარდა, დისკუსიების მთავარი თემა იყო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი.


როგორც გრიგორი კარასინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჟენევის დისკუსიების მონაწილეები ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.


 

 

 

 

big_banner
არქივი