logo_geo
თეა წულუკიანი: სამარცხვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ტყუილზე დაფუძნებით ხდება!
- +

30 მარტი. 2018. 21:25


 

„ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ტყუილზე დაფუძნებით ხდება", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის პაპუნა უგრეხელიძის საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


„ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ტყუილზე დაფუძნებით ხდება. მე ეს ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი. ჩვენ, ქალებს გვაქვს ერთი მიზანი - ჩვენი უფლებების კიდევ უფრო გამყარება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული, თუკი ვერ განვასხვავებთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროებას, ვერბალურ და ფიზიკურ ძალადობას.

 

ამ ყველაფერს თუ ერთმანეთში ავურევთ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა შეფერხებული იქნება, ხოლო თუ ტყუილით ვივლით წინ, ეს ბრძოლა წარუმატებელი იქნება.

 

მსხვერპლმა, რომელიც ტელეეთერში სახედაფარული მოგვევლინა, მე მომმართა რეაგირებისათვის იმ დღეს, როდესაც პაპუნა უგრეხელიძემ სამსახური დატოვა.

 

შესაბამისად, მან ტყუილი იკადრა, როდესაც საზოგადოებას უთხრა, თითქოს მე ვიცოდი ამის შესახებ და ვუთხარი, მერე რა მოხდა, ეს მხოლოდ ვერბალური ამბავია-მეთქი. შესაბამისად, როდესაც ამხელა ტყუილს კადრულობს, ე.წ. მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა წინ ვერ წავა.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დავები, რომლებიც სასამართლოში მიმდინარეობს მხარეებს მიეცეთ საშუალება, რომ მშვიდ პირობებში სასამართლოს განახილინონ, როდესაც უგრეხელიძე დაბრუნდა მივლინებიდან მან მოიტანა და საქმის მასალები მაჩვენა, რომელიც მე სხვაგვარად არ მექნებოდა მაჩვენა, იქ დევს ექსპერტიზის დასკვნა სხვებს შორის რომელიც ადასტურებს რომ ის მისამართი საიდანაც თითქოს გაიგზავნა უგრეხელიძის მხრიდან შეურაცხმყოფელი ფრაზები, მას არ უნდა ეკუთვნოდეს.

 

ამიტომაც, დაველოდოთ სასამართლო განხილვის შედეგებს. რაც მთავარია, აღარასოდეს მომავალში არც ერთმა არ ვიკადროთ ტყუილი, რადგან ჩვენ ქალებს ტყუილი ამ ბრძოლაში გვაყენებს ძალიან დიდ ზიანს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა პაპუნა უგრეხელიძემ, რომელიც თანამშრომელმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.


 

 

 

 

big_banner
არქივი