logo_geo
მიხეილ ჯანელიძე: NATO-ში ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების უალტერნატივო არჩევანი
- +

17 აპრილი. 2018. 18:05

 

 

NATO-ს დღეების ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქვემო ქართლის თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ამ კუთხით არსებულ პროგრესზე ისაუბრა.

 

მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ NATO-ს დღეების ფარგლებში პირველი ვიზიტით სწორედ მარნეულს ეწვია, ქალაქს, რომელიც მისი თქმით არის დიდი შესაძლებლობების, ისტორიისა და დიდი მომავლის მქონე ქალაქი, ხოლო საზოგადოება აქტიური და მონდომებული, რომ მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესულ პროცესებს. მინისტრის განცხადებით, უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს NATO-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს სწორი აღქმა იმ შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ, რომელიც ინტეგრაციის პროცესს თან ახლავს.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა NATO-ში ინტეგრაციის პროცესზე და აღნიშნა, რომ საქართველო-NATO-ს თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებასა და გაძლიერებას ემსახურება.

 

„NATO-ში ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების უალტერნატივო არჩევანი. ჩვენ გვაქვს თავდაცვის უნარიანობის ამაღლების უფლება, ჩვენ გვაქვს გაძლიერების საჭიროება, იმისათვის, რომ ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო, შეგვეძლოს თავდაცვა და შეგვეძლოს აგრესიასთან გამკლავება. სწორედ თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას და გაძლიერებას ემსახურება ჩვენი NATO-სთან თანამშრომლობა”, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით NATO-საქართველოს თანამშრომლობის გაღმავებისა და გაძლიერებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რათა საქართველო კიდევ უფრო მეტად დაკავშირებოდა ევროატლანტიკურ ოჯახს და მის ღირებულებებს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხო და წარმატებული მომავლისთვის.

 

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, დღეს საქართველო უკვე ასპირანტი ქვეყანაა და მას გააჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას ხდის მეტად ინტეგრირებულს NATO-სთან და NATO-ს სტანდარტებთან.

 

 

„ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ ასე ახლოს არც NATO-სთან და არც ევროკავშირთან, როგორც ვართ დღეს ჩვენი რეფორმებიდან, მიდგომებიდან და ნაბიჯებიდან გამომდინარე. ჩვენი მიზანია, ამ თანამშრომლობით უზუნველვყოთ მეტი მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრისას ასევე ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ხაზი გაუსვა მთავრობის საბოლოო მიზანს, რასაც ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს.

 

 

„ჩვენი მიზანია საბოლოო წევრობა ევროკავშირში - რათა ჩვენ ვიყოთ ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რომელსაც იღებს ევროპული ოჯახის წევრი ქვეყნის მოქალაქეები. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ, ჩვენ დღეს გვაქვს განსაკუთრებული შედეგი, ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ ჩვენი პროგრესით, რეფორმებით და ინტეგრაციის პროცესით. ჩვენი მიზანია გავეჯიბროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანების გზაზე დგანან, შეიძლება თავისუფლად ვთქვათ, რომ ჩვენ ნამდვილად არ ჩამოვუვარდებით, თუ არ ვუსწრებთ კიდევაც, ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანების გზაზე დგანან. ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ და აუცილებლად დადგება ის დრო და მომენტი, როდესაც ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდებით“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა და საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის  ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა. ​

 

 

big_banner
არქივი