logo_geo
ქეთევან ციხელაშვილი: ეს ფაქტი თავისთავად ართულებს სრულფასოვანი პროცესის წარმართვას
- +

18 აპრილი. 2018. 11:52

 

 

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა 26 დღის შემდეგ მოხდა, ექსპერტიზის ჩატარებას და სრულფასოვანი პროცესის წარმართვას ართულებს. ასე უპასუხა ციხელაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ორგანოების ნაწილი ამოცლილი ჰქონდა.

 

„რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა მოხდა დაგვიანებით და ის, რომ ფაქტობრივად 26 დღის შემდგომ მივაღწიეთ, რომ ცხედარი იქნა გადმოცემული წითელი ჯვრის მეშვეობით, თავისთავად ართულებს ექსპერტიზის ჩატარებას და სრულფასოვანი პროცესის წარმართვას. ბუნებრივია, მე ველოდები, რომ ამ დღეებში იქნება პირველადი შედეგები ცნობილი, რაც პირველ რიგში გამოძიებისთვის არის მნიშვნელოვანი და საკვანძო, რათა გამოძიება წარიმართოს. ჩვენ, როგორც ადრე ვთქვით, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყველა მექანიზმს და ფორმატს გამოვიყენებთ, რომ გამოძიება ჩატარდეს მაქსიმალურად ეფექტურად. ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე გახლავთ სწორედ ეს“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

 

26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

 

 

big_banner
არქივი