logo_geo
ვახტანგ გომელაური: ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება არის უპირველესი გამოწვევა
- +

18 აპრილი. 2018. 13:45

 

 

„რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე წლის 22 თებერვალს მომხდარმა ფაქტმა, რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქის იძულებითი ტყვეობა მოჰყვა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ როგორი რთულია უსაფრთხოების ვითარება აღნიშნულ რეგიონებში“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სამსახურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

„მსგავსი ტრაგედიები ნათლად გვიჩვენებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხშირი დარღვევა არის სწორედ ის უპირველესი გამოწვევა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღის წესრიგს.

 

წლების განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილმა ვითარებამ ცხადყო, რომ რუსეთის ფედერაცია სოხუმსა და ცხინვალში ეტაპობრივი ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითებია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთისა და დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი „საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის“ შექმნა. ასევე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლა.

 

გასული წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე 100-ზე მეტი უკანონო სამხედრო წვრთნა ჩაატარეს. აღნიშნული აზიანებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების გარემოს.

 

გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია, უკანონო დაკავებები. იზღუდება თავისუფალი გადაადგილება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, გრძელდება ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი.

 

საანგარიშო პერიოდში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებისა და ანექსიის პროცესებისთვის ხელშეშლის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ახდენდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარების მონიტორინგს, ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა გომელაურმა.

 

 

big_banner
არქივი