logo_geo
ვახტანგ გომელაური: საქართველო ინარჩუნებს დაბალი ტერორისტული საფრთხის მქონე ქვეყნის სტატუსს
- +

18 აპრილი. 2018. 13:49

 

 

„2017 წელი ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეების თვალსაზრისით, გარკვეულწილად, კრიტიკული აღმოჩნდა“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სამსახურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

გომელაურის თქმით, „გასულ წელს საქართველოში ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობის, ექსტრემისტული და ტერორისტული იდეების მხარდაჭერისა და საქართველოს ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებს“.

 

„ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ, ტერორისტული აქტივობების განხორციელების მიზნით სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრნენ. შეიცვალა ორგანიზაციის მოქმედების ტაქტიკაც. იგი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების განხორციელებიდან ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებაზე გადაერთო. „ისლამურმა სახელმწიფომ“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტერორისტული აქტები განახორციელა, რის შედეგადაც  მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.

 

გასულ წელს საქართველოშიც ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობის, ექსტრემისტული და ტერორისტული იდეების მხარდაჭერისა და საქართველოს ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებს. ზემოაღნიშნულ და სხვა ტიპის აქტივობებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაატარა კანონით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებები, კონტრტერორისტულ ცენტრში გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 6 საქმეზე.

 

2017 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტები დაგეგმვის პროცესში აღკვეთა. სამსახურის მიერ გამოვლინდა ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფი და მათი ხელშემწყობი საქართველოს მოქალაქეები. არსებული ინფორმაციით, ტერორისტული ჯგუფის მიზანს წარმოადგენდა ტერაქტების მოწყობა საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე.

 

ლიკვიდირებულ პირთა შორის დადგინდა საერთაშორისო ტერორისტი, აჰმედ ჩატაევი. ქ. თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი და დაიჭრა რამდენიმე სამართალდამცავი, თავიდან იქნა აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში ტერორისტულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ იქნა 5 პირი. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით, სპეცოპერაციის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

 

აღნიშნულ ტერორისტულ ჯგუფთან მიმართებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული მოქმედებები იყო პრევენციული, რადგან მოხდა ტერორისტული ჯგუფის გამოვლენა და მათი ქმედებების აღკვეთა.

 

მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო კვლავ ინარჩუნებს დაბალი ტერორისტული საფრთხის მქონე ქვეყნის სტატუსს. 2017 წლის განმავლობაში, საქართველოში, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენები მნიშვნელოვნად შესუსტდა. საქართველოში სულ უფრო ნაკლები ახალგაზრდა ინტერესდება ამ ორგანიზაციის იდეოლოგიითა და ე.წ. რელიგიური შეხედულებებით. აღნიშნულ პროცესზე გავლენა იქონია, სირია-ერაყში განვითარებულმა მოვლენებმა და სახელმწიფოს მიერ გატარებულმა შესაბამისმა ღონისძიებებმა.

 

ტერორიზმის არაპროგნოზირებადი ბუნებიდან გამომდინარე, საფრთხეების სრულად აღკვეთა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ უსაფრთხოების სამსახურს შეუძლია ტერორისტული აქტივობების მოსამზადებელ ეტაპზე გამოვლენა და აღკვეთა, რაც დღეს არსებული დინამიური ტერორისტული საფრთხეების გათვალისწინებით განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს.

 

კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით, უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

big_banner
არქივი