logo_geo
ზაზა პაპუაშვილი: ნუ გვინდა, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ყოჩებისა და ბელადების გარეშე ვერ ვიცხოვრებთ!
- +

20 აპრილი. 2018. 00:26

 

 

„ნუ გვინდა, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ყოჩებისა და ბელადების გარეშე ვერ ვიცხოვრებთ, რადგან ბიძინა ივანიშვილი არც ყოჩია და არც ბელადი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა განუცხადა კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ყოფილი პრემიერი „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

 

პაპუაშვილის თქმით, ნურავის ეგონება, რომ სხვა ქვეყნებში მთავრობასა და პარლამენტში პროცესი დავარცხნილად, ვაგნერის მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.

 

„ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მისთვის აზრიც მიკითხავს და უკითხავს კიდეც. ჩვენ ისეთი მოსახლეობა არ უნდა ვიყოთ, რომ ყოჩებსა და ბელადებს ვეძებდეთ. ეს სწორად არ მიმაჩნია. უფრო მეტსაც ვიტყვი, ცხოვრებისეულ დამოკიდებულებაზე მასაც ასეთივე შეხედულება აქვს. არც ბელადები არ უნდა გვჭირდებოდეს და არ ყოჩები. ქვეყანა უნდა ავაშენოთ, თაობები მოვლენ, მთავრობები შეიცვლებიან და ცხოვრება უნდა გაგრძელდეს ინსტიტუციურად და ისე, როგორც თანამედროვე სახელმწიფო იგება. ნუ გგონიათ, რომ ურთიერთობა სხვა ქვეყნებში მშვიდად მიდის და ყველა მთავრობასა და პარლამენტში პროცესი დავარცხნილად, ვაგნერის მუსიკის ფონზე მიდის, რუსთაველის ენით, ხელთათმანებით უნდა ვილაპარაკოთ. ასე არ არის, ემოციური მხარე ჭარბობს, ვიღაცას არგუმენტაციის ნაკლებობა თუ სიჭარბე აქვს. საკითხის ისე დაყენება, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ არ გამოჩნდება, არიქა, ქვეყანა დაიღუპება, პრობლემას ასე არც ის უყურებს და არც – მე. გუნდმა იბრძოლა, ეს რეალობა დააყენა და შეიძლება ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებზე იყოს საუბარი, რაშიც ხარვეზს ვერ ვხედავ. უბრალოდ არ მინდა, რომ ჩვენ ვითომ ცხოვრება ვერ შევძელით და არიქა, ვიღაცას უნდა დავუძახოთ, მიშველე. ეს პრინციპი არ მომწონს, თორემ შემიძლია, კონსულტაციების დონეზე აზრი თქვენც გკითხოთ. ასეთი რამისგან ვერ დავკომპლექსდები. ნუ გვინდა, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, ყოჩებისა და ბელადების გარეშე ვერ ვიცხოვრებთ. ბიძინა ივანიშვილი არც ყოჩია და არც ბელადი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი