logo_geo
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს
- +

26 აპრილი. 2018. 13:11

 

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

„მინდა, საზოგადოებას ვამცნო ის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც იგეგმება ჩვენს გუნდში, პარტია „ქართულ ოცნებაში“. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სრულიად ბუნებრივი და ლეგიტიმურია საზოგადოების ინტერესი მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესების მიმართ და ხალხს სჭირდება სიცხადე.

 

ჩვენ, როგორც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე და მივიჩნევთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისა და ახალი გამოწვევების ფონზე დადგა აუცილებლობა, მაქსიმალურად გავაძლიეროთ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და სიმტკიცე შევძინოთ ჩვენს გუნდს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის შიგნით მიმდინარე დემოკრატიული პროცესები. ამავე დროს, ჩვენ გვაერთიანებს მკვეთრად გამოხატული ღირებულებები და ერთიანი პოლიტიკური ხედვა როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, შევინარჩუნოთ ერთსულოვნება ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, თუ რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის მისი დამაარსებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით, მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა. მას ყველაზე მეტად ძალუძს, გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს. უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა და შემდეგ უკვე მალე გაიმართება ყრილობა. დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც პოლიტსაბჭო, ასევე მთელი საქართვლოდან წარმოდგენილი დელეგატები ერთხმად აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს ახალ თავმჯდომარედ და შესაბამისად, არჩეული იქნება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც.

 

დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ეს იქნება ახალი იმპულსი ჩვენთვის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თითოეული წევრისთვის, ჩვენი გუნდისათვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი