logo_geo
დავით უსუფაშვილი: რაც „რუსთავი 2“-ის თავს ხდება, არის თავად „რუსთავი 2“-ის არჩევანი!
- +

17 ნოემბერი. 2016. 20:48



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა „რუსთავი 2"-თან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ძალიან ბევრი რამ, რაც „რუსთავი 2"-ის თავს ხდება, არის თავად ტელეკომპანიის არჩევანი.

 

„რუსთავი 2"-ის არჩევანში ვგულისხმობ ამ ტელევიზიის მესვეურების გადაწყვეტილებას, ყოფილიყვენ უფრო პოლიტიკური მოთამაშე, ვიდრე მედიასაშუალება. რამ განაპირობა ეს, წინაისტორები, რა უძღოდა - ეს შორს წაგვიყვანს. ყველამ ვიცით, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" პროცესში „რუსთავი 2"-ის მიერ შესრულებული როლი, და ყველასთვის ცხადია, რომ გადამწყვეტ და კრიტიკულ ეტაპზე სწორედ „რუსთავი 2"-ის მოქმედება იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რევოლუციის ლიდერების - ტრიუმვირატის. ამან, ცხადია, ტელევიზიას თავისი ბიოგრაფია შეუქმნა, თავისი ადგილიც დაუმკვიდრა საზოგადოებაში. მე ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი თანამედროვეობის მოვლენა, უწინაც ყოფილა ასეთი რამ. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს იყო თავად „რუსთავი 2"-ის მესვეურების არჩევანი, დიდწილად, რომ ასეთ ვითარებაში პოლიტიკურ ეპიცენტრში აღმოჩნდა ეს მედიასაშუალება. „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებსა და მესაკუთრეებთან დაკავშირებით ჩემთვის რაც ცნობილია, ისიც საკმარისია იმისთვის, რომ ძალიან მწუხარებით აღვნიშნო და შევნიშნო, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბევრ სხვა არასწორ ქმედებასთან ერთად, მოახერხა კონკრეტულად ამ ტელევიზიისთვის სერიოზული ზიანის მიყენება სწორედ იმ „ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდშივე, როდესაც მას გაუჩნდა შიში, რომ იგივე ტელევიზია სხვას არ გამოეყენებინა მის წინააღმდეგ, ამიტომ საჭირო იყო სრული კონტროლი მასზე. ამ პერიოდში სააკაშვილი „რუსთავი 2"-ს აბარებდა სხვადასხვა მარიფათიან ბიჭებს, ვინც მასთან იყო ყველაზე უფრო ახლოს. სამწუხაროდ, ამანაც დააზარალა „რუსთავი 2", - განაცხადა უსუფაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარე სურვილს გამოთქვამს, რომ „რუსთავი 2" დაუბრუნდეს თავის დანიშნულებას.


„ვისურვებდი, რომ „რუსთავი2" დაუბრუნდეს თავის დანიშნულებას და გახდეს ისევ ტელევიზია და მაშინ იქნება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ქვეყნის ცხოვრებაში. სხვა შემთხვევაში, ამ არჩევანით, რომ ვარ პოლიტიკური მოთამაშე და ამასობაში თან ვმაუწყებლობ, ამ უბედურებებს და გართულებებს ბოლო არ ექნება", - აღნიშნა უსუფაშვილმა.



 

big_banner
არქივი