logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ დავადასტურეთ, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორი ვართ
- +

30 აპრილი. 2018. 11:34

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი NATO-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა: 

 

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ საქართველოში NATO-ს დღეების შემაჯამებელ ღონისძიებას - NATO-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს, რომელიც წელს უკვე  მესამედ იმართება თბილისში და, შეიძლება ითქვას, უკვე მნიშვნელოვან ტრადიციადაც ჩამოყალიბდა.

 

მინდა გითხრათ, რომ 2018 წელი ჩვენ გამოვაცხადეთ საყოველთაო ჩართულობისა და დიალოგის წლად. ჩვენი მიზანი გახლავთ, თითოეული მოქალაქე აქტიურად მონაწილეობდეს ქვეყნის განვითარების საქმეში, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ პროცესებში.

 

წლევანდელი ფორუმის კონცეფცია გახლავთ „360 გრადუსით კომუნიკაცია“, რაც მთლიანად მიესადაგება როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე NATO-ს ხედვას, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად მიეწოდოს ფაქტებზე დაფუძნებული, სწორი ინფორმაცია, თუ რატომ არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ასე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის და მისი მომავლისთვის.

 

მოგეხსენებათ, რომ NATO-ში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ და გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც კი იქნა შეტანილი.

 

მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის, ისე პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრისით, ასეთი დინამიური და დატვირთული ჩვენი ურთიერთობები ალიანსთან, როგორც ბოლო წლებში იყო და განსაკუთრებით - გასულ წელს, არასოდეს ყოფილა.

 

ჩვენ დავადასტურეთ, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორი ვართ.

 

საქართველოს აქვს ალიანსთან თანამშრომლობის ფორმატები, რომლებსაც ჩვენ მაქსიმალურად აქტიურად ვიყენებთ. ალიანსის წევრები აღიარებენ, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსის წევრობისთვის მოსამზადებლად და ჩვენ ამ ინსტრუმენტებით ეფექტურად ვსარგებლობთ.

 

შესაბამისად, NATO-ს მხრიდან მკაფიოდ არის აღიარებული ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული რეფორმების, შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციის კუთხით და ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილით.

 

NATO საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე თავსებად და საიმედო პარტნიორად მიიჩნევს.

 

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 27 წელს, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა საქართველომ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველად გაიწვია სამხედროები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ამ წლების განმავლობაში უამრავი რამ გადახდა საქართველოს თავს. ათასობით სამხედრომ გაწირა სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლაში და ასევე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. დღეს ჩვენ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ საქართველოს გმირების ხსოვნას და მეორეს მხრივ, ყველანი ამაყები ვართ იმ ტრადიციით, რომელიც ამ 27 წლის განმავლობაში შეიქმნა და იმ ერთობლივი ბრძოლის ტრადიციითაც, რომელიც NATO-სთან ურთიერთობაში ჩამოყალიბდა, განსაკუთრებულად ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, NATO-ს შეიარაღებულ ძალებთან ერთად.

 

ბოლო წლებში NATO-საქართველოს უპრეცედენტოდ აქტიური და დინამიკური თანამშრომლობის გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინია, რომ ბრიუსელის ივლისის სამიტზე პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ და ასახავენ საქართველოს პროგრესს როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე NATO-სთან ინტეგრაციის კუთხით, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში და მიღებული იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს NATO-საქართველოს შორის პრაქტიკულ თანამშრომლობას.

 

გუშინ საღამოს ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ბატონ ვეს მიტჩელთან და მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მას შემდეგ, რაც მოვისმინე მისი მკაფიო მხარდამჭერი მოსაზრებები, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს NATO-ში გაწევრიანების კუთხით. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. დღეს თქვენი აქ ყოფნა, ისევე, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის ყოფნა საქართველოში, არის მკაფიო დადასტურება ერთის მხრივ აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერისა საქართველოს საგარეო კურსის მიმართ და ასევე, რა თქმა უნდა, NATO-ს მხარდაჭერისა და მის მიერ საქართველოს პროგრესისა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღიარებისა, რაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

 

 

სულ უფრო თვალნათელი ხდება, რომ რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით NATO-ს, მით უფრო იზრდება ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდა. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ჩვენი და ალიანსის მხრიდან სწორი და დროული მოქმედება.

 

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სათანადოდ შევაფასოთ და ვუპასუხოთ ამგვარ საფრთხეებს და პარტნიორებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ მათთან გამკლავებაზე. ამ მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო უწყებებში უკვე განხორციელდა სტრუქტურული  ცვლილებები და შესაბამისი ფუნქციური რგოლების გაძლიერება, რითაც მსგავს საფრთხეებზე რეაგირება კიდევ უფრო კოორდინირებული გახდა. უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს სამთავრობო სტრუქტურების სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების უახლესი სტანდარტებით გადამზადებას, რაც ახლო მომავალში, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოქმედებას უფრო ეფექტიანს გახდის.

 

მოხარული ვარ, რომ ამ ფორუმის ფარგლებში კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა, განვიხილოთ ახალი გამოწვევები, მეთოდები, სტრატეგიები, ერთმანეთს გავუზიაროთ სახალხო დიპლომატიის საუკეთესო პრაქტიკა და ერთად ვიმოქმედოთ ამგვარი გამოწვევების წინააღმდეგ.

 

ბოლოს, მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ამ მეტად საჭირო ფორუმის ორგანიზატორებს - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს, NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილებასა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს, ასევე მოწვეულ სტუმრებს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და მომდევნო ორი დღის განმავლობაში წარმატებული და ნაყოფიერი  თანამშრომლობა მინდა გისურვოთ.

 

დიდი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი