logo_geo
გოგა ხაინდრავა NDI-ის კვლევაზე: ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი და სამარცხვინო მცდელობა!
- +

30 აპრილი. 2018. 19:57

 

„ეს კვლევები არ არის, ეს არის ტყუილები, გეგმები, რომლებსაც ახორციელებს „ნაციონალური მოძრაობის“ ნასხლეტი - „ევროპული საქართველო“ და რომელშიც პირდაპირ მონაწილეობს ლორა თორტონი“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას „რეპორტიორს“ განუცხადა.

 

„ლორა თორტონი, ჩემი აზრით, დიდი ხანია ამ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, თუ მას ასე შეიძლება რომ ეწოდოს. ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი ნაწილი, რომელიც საკუთარი პოლიტიკური წარსულის გათეთრებას ცდილობს და ქალბატონი თორტონი მათ ამაში ეხმარება. სამწუხაროდ, ეს უკვე წლებია ხდება. NDI ძალიან პატივსაცემი ინსტიტუტი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის წარმომადგენელია საქართველოში და ასეთი ქალბატონების არსებობა სახელს უტეხს როგორც ამ ინსტიტუტს, ასევე ხელს უშლის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებას. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ფსევდოლიბერალურმა ფრთამ მთელი მსოფლიო კატასტროფამდე მიიყვანა და ეს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ნათლად გამოჩნდა როგორც პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი გაპრეზიდენტდა და ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ ამერიკას ის სიდიადე დაუბრუნოს, რომლითაც სახელგანთქმული იყო ყოველთვის ეს ქვეყანა, რომლის მოიმედე არიან ყველა მისი პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც შეწუხებულები არიან პოსტსაბჭოთა იმპერიალიზმით და არა მარტო პოსტსაბჭოთა. მაგრამ ეს რეალობაა, ჩვენ ამას ვხედავთ ყველგან და ქალბატონო თორტონი ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, რომელიც საკუთარ ადმინისტრაციასა და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდება და ამით უპირისპირდება საქართველოს ინტერესებსაც“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

ხაინდრავას შეფასებით, NDI-ის კვლევის მიზანი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტებაა.

 

„ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი და სამარცხვინო მცდელობა, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ. სამიზნეები სწორად არის აღებული. პირველი, ეს არის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. ეგ ეშმაკის მოციქულები მაგისთვის არიან გაჩენილები, რომ რაღაცნაირად შეარყიონ ღვთის სახლი, მაგრამ ეს აბსოლუტურად უიმედო და უპერსპექტივო მცდელობაა. თუმცა, ყველანაირად ცდილობენ, რომ სახელი გაუტეხონ ქართულ ეკლესიას და ეს უკანასკნელი ვითომ გამოკითხვაც სწორედ ამას ადასტურებს!

 

პოლიტიკურად შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ეს კვლევა თაღლითების გაკეთებულია. ქართველი საზოგადოებაც მიეჩვია ამას, მაგრამ სახელი უნდა დავარქვათ ყველაფერს! ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ქალბატონი თორტონისნაირები მიზანმიმართულად ცდილობენ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაფუჭებას და საკუთარი ქვეყნის იმიჯის შელახვასაც არ ერიდებიან. რა დგას ამის უკან - ეს არის პოლიტიკური კორუფცია თუ ვნებები, რომელიც მათ აწუხებთ, არ ვიცი...

 

ისინი ცდილობენ მარგველაშვილის წამოწევას, როგორც პოლიტიკური ლიდერის და კვირიკაშვილთან შედარება, სადაც 1%-ით უსწრებს თურმე მარგველაშვილი, ამის ნათელი მაგალითია.

 

იმედი მაქვს, რომ ქართველი საზოგადოება ყველაფერს სწორად აფასებს და ეს გამოჩნდა შუალედურ არჩევნებში, სადაც კიდევ ერთხელ გაცხადდა, ვისი სჯერა ქართველ საზოგადოებას და ვისი არა და ყველა მომდევნო არჩევნებში ეს იქნება ცალსახად გაცხადებული.

 

ჩვენ უნდა გამოვიდეთ მხოლოდ იქიდან, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების, NATO-ს არსებობა და მისი ძალიან აქტიური თანამშრომლობა საქართველოსთან და ნათელი პერსპექტივა იმისა, რომ უახლოეს მომავალში ამ ორგანიზაციის წევრები გავხდებით, მეტყველებს იმაზე, რომ გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს ფსევდოლიბერალების, კაცობრიობის მტრების. ადამიანები, ვინც ხმამაღლა მოუწოდებენ ადამიანებს, რომ კაცებმა კაცები შეირთონ ცოლად და ამით კაცობრიობის განვითარება შეაჩერონ, არ შეიძლება განიხილებოდნენ კაცობრიობის მეგობრებად, ბუნებრივია, ისინი კაცობრიობის მტრები არიან და სწორედ ამისი სახე არიან ის ჭინკები, ვინც მე ვახსენე.

 

ასე რომ, მიდგომა ამ კვლევისადმი შეიძლება მხოლოდ ასეთი იყოს, არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს და არანაირი კვლევა ეს არ არის. ეს არის სამოქმედო გეგმა იმისთვის, როგორ დააქციონ ეს ქვეყანა, როგორ შეარყიონ მშვიდობა და მსოფლიო საზოგადოების ღვთისნიერი განვითარება“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი