logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ!
- +

29 დეკემბერი. 2016. 11:31





საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2016 წელი შეაჯამა:

 

„ჩვენ ამ წლის ბოლო მთავრობის სხდომას ვატარებთ და მინდა, მოკლედ შევაჯამო გასული წელი, თავისი მნიშვნელოვანი მოვლენებით, მიღწევებით და გამოწვევებით.

 

2016 წელი, იყო, უპირველეს ყოვლისა,  თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების წელი, რომელიც „ქართული ოცნების" გამარჯვებით დასრულდა. ეს იყო მნიშვნელოვანი ცვლილება არჩევნების ჩატარების წესში, კულტურაში. ვფიქრობთ, ძალიან მისასალმებელია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნა ის, რომ საქართველოში ჩატარდა გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები კონკურენტულ გარემოში. ეს ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. ლოგიკურია რომ არჩევნებზე ჩვენ ახალი და კონკრეტული გეგმით წარვდექით ხალხის წინაშე. ჩვენი სლოგანი  იყო - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა", რაც რეალურად აჩვენებს ჩვენ მიერ არჩეულ მთავარ ხაზს. ჩვენ დავიბრუნეთ უმთავრესი - ჩვენი თავისუფლება და ამაში ვგულისხმობ ამ სიტყვის ყველაზე უფრო ფართო გაგებას, ადამიანის უფლებებს. პროგრესი, რომელიც ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს, აღნიშნულია არაერთი საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ.

 

 

შესაბამისად, მთელი ჩვენი ენერგია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იყო ადამინის გადარჩენაზე ორიენტირებული. ჩვენ გვქონდა კონკრეტული გამოწვევები 2012 წლიდან მოყოლებული და ვინაიდან ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე იყო დასაყენებელი, ჩვენ დავიწყეთ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანზე ზრუნვა. დღეს უკვე, 2016 წელს ჩვენ გამოვაცხადეთ განვითარების ახალი ეტაპი და წარმოვადგინეთ სწრაფი განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელმაც საბოლოო ჯამში ქვეყანა, ჩვენი მოქალაქეები, მათი ოჯახები კეთილდღეობამდე უნდა მიიყვანოს. ეს პროცესი 2016 წელს დაიწყო, მაგრამ ჩვენი პროგრამის ძირითადი ნაწილის განხორციელება 2017-დან დაიწყება. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, აირჩიო არა მარტივი, მაგრამ მე ვიტყოდი ერთადერთი სწორი გზა, სწრაფი განვითარების მისაღწევად. ჩვენ წარმოვადგინეთ 4-პუნქტიანი გეგმის ყველა მიმართულების კონკრეტული ხედვა.

 

 

შემუშავებულია განათლების რეფორმა, რომლის განხორციელების  შედეგად, ჩვენ დავასრულებთ ქვეყანაში უმუშევართა „წარმოებას" და დავნერგავთ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომას, რაც  საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით, პროფესიული განათლების სისტემის მნიშვნელოვან რეფორმას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად, სასწავლებელი და დამსაქმებელი ერთდროულად განახორციელებენ სასწავლო პროგრამებს.

 

 

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ეს სისტემა იქნება ეკონომიკის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე ორიენტირებული, იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს უმაღლესდამთავრებულ უმუშევართა რიცხვი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ფუნდამენტური მეცნიერებებისა და საბუნებისმეტყველო დისციპლინების და ამ მიმართულებით მეცნიერების განვითარებას.

 

 

2016 წელს დაიწყო  ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის რევოლუციური პროექტი, რომლის განხორციელებაც ნამდვილად გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველო ვაქციოთ თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების ცენტრად  რეგიონში.

 

 

2016 წელი ასევე გარდამტეხი იყო, ზოგადად, ტექნოლოგიური განვითარების დაწყების მიმართულებით. ქუთაისის გარდა, დაიწყო ტექნოლოგიური ცენტრის მშენებლობა თბილისში, შეიქმნა ტექნოპარკები თბილისსა და ზუგდიდში, ფაბლაბები, დაფინანსდა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური „სტარტაპები" და ეს პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ამასთან, დაიწყო საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც ჩვენს ხალხს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ მაღალსიჩქარიანი ხელმისაწვდომი ინტერნეტით.

 

 

შეიქმნა შსს-ს ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრი, რაც მოგვცემს საშუალებას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ქვეყანაში უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი.

 

 

ჩვენ უდიდესი სამუშაო გავწიეთ და მოვამზადეთ 4-პუნქტიანი გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტი - ქვეყნის სწორი სივრცითი მოწყობის ზუსტი ხედვა და კონცეფცია. პრაქტიკულად, ეს ჩვენი ქვეყნის ახალ გეოგრაფიულ, გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ მოწყობას ნიშნავს, ეს ნიშნავს სრულიად ახალ შესაძლებლობებს, როგორც ქვეყნის გარეთ პოზიციონირებისთვის რეგიონსა და მსოფლიოში, ასევე ქვეყნის შიგნით, ჩვენივე მოქალაქეებისთვის. დიახ, ეს არის ისევ და ისევ, თანამედროვე მოთხოვნებზე და ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებული მოწყობა. ყველა ძირითადი სერვისი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უზრუნველყოფს განათლების თანამედროვე ტექნოლოგიების მიტანას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლების სკოლებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქვეყნის განვითარებაში სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება.

 

 

სივრცითი რეფორმის ფარგლებში მომზადდა ქალაქებისა და სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ აღარ მოხდება ქაოტური განაშენიანება. სივრცითი მოწყობით საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა.

 

 

იწყება ახალი აეროპორტების მშენებლობა. უახლოეს დღეებში კი, ჩვენ უკვე გავხსნით ამბროლაურის აეროდრომს, რომლის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დავიწყეთ.

 

 

ჩვენ სრულიად ახალ დატვირთვას ვაძლევთ ტრადიციულ კურორტებს - ბაკურიანი, გუდაური - ახალი საბაგიროები, ახალი ტრასები წყალმომარაგების სისტემები, ატრაქციები, რომლებიც ამ კურორტებზე ქმნის უამრავ სამუშაო ადგილს და მათ გარშემო ძალიან დიდი რადიუსით, იძლევა ადამიანების დასაქმების საშუალებას. ეს არის ახალი შემოსავლები ქვეყანაში და ქვეყნის პოპულარიზაცია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ტურისტების მოზიდვისთვის, არამედ ქართული პროდუქტის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვისთვისაც.

 

 

ასევე, ვავითარებთ ახალ კურორტებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არის თეთნულდი და გოდერძის კურორტი, ასევე სხვა კურორტები. ამ პროექტებს კერძო სექტორთან ერთად ვახორციელებთ და ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯის ჩამოყალიბებისთვის.

 

 

2017 წელს დასრულდება აგარა-ზემო ოსიაურის და ზესტაფონი-ქუთაისის, ასევე ქობულეთის შემოვლითი გზა.

 

 

2017 წელს დაიწყება სამუშაოები შემდეგ  ძირითად მონაკვეთებზე - ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი, სამტრედია-გრიგოლეთი, ბათუმის შემოვლითი, ხულო-ზარზმა, ბაღდათი-აბასთუმანი, ზემო იმერეთი-რაჭა, თუშეთის და ხევსურეთის გზები; დევდორაკის გვირაბი.

 

 

ეკონომიკური რეფორმის მიმართულებით, რომელიც ორიენტირებულია კერძო  სექტორის  მაქსიმალურ  წახალისებასა და მის გაძლიერებაზე, შეიქმნა მნიშვნელოვანი საგადასახადო სტიმულები - რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი აღარ დაიბეგრება მოგების გადასახადით. ამით ბიზნესსექტორში დარჩება 600 მილიონამდე ლარი, რაც საშუალებას მოგვცემს, ეს თანხები მოხმარდეს გაფართოებას და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენ უკვე  განვახორციელეთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში. საგადასახადო გარემო ბიზნესის მიმართ გახდება კიდევ უფრო მეგობრული და მაქსიმალურად წაახალისებს ინვესტიციებს.

 

 

ჩვენ ისევ გავაგრძელებთ და გავაფართოებთ ყველა იმ პროგრამას, რომლებიც ხელს შეუწყობს მეწარმეებს, დამწყებ ბიზნესს, ინოვაციურ ბიზნესპროექტებს - ეს არის პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში", აგროკრედიტებისა და აგროდახმარების პროგრამები, ,,სტარტაპების" დაფინანსება და ა.შ.

 

 

ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული შედეგები - პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" ჩართულ 10 კომპანიაზე, რომელიც სრული სტატისტიკური კანონზომიერებების ამსახველი შერჩევის შედეგად შეირჩა, სუბსიდიის სახით  სახელმწიფოსგან გაცემულია 5 289 00 ლარი და მათი საქმიანობის 2 წლის განმავლობაში, გადასახადების სახით უკვე შემოტანილია 5 090 000 ლარი; შეიქმნა 313 ახალი სამუშაო ადგილი, რაც იმას გულისხმობს, რომ მას შემდეგ, რაც სუბსიდია შეწყდება, რა თქმა უნდა, ეს გადასახადი იქნება წმინდა შემოსავალი ბიუჯეტში და დასაქმებულები დარჩებიან დასაქმებულებად. ეს არის ძალიან კარგი ეფექტი, რომელიც ამ პროგრამამ მოიტანა.

 

 

მთლიანად, ორი წლის განმავლობაში, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, 235 პროექტი განხორციელდა, რომელთა მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა აღწევს 522 000 000 ლარს და ჯამურად, მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში, შექმნილია 11 000 ახალი სამუშაო ადგილი.

 

 

ასევე, 2016 წლიდან დავიწყეთ პროექტი „სტარტაპ საქართველო", რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსდა 60-ზე მეტი ახალი დამწყები ბიზნესი. გუშინ ჩვენ დავაჯილდოვეთ კიდევ 9 ახალი გამარჯვებული და ამ მიმართულებით 900 ათასი ლარი გაიცა. ეს არის ჩვენი ეკონომიკის ყველაზე დიდი ზრდის პოტენციალის მქონე ქვესექტორი და ამ მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა გაგრძელდება. ეს არის ტრანსფორმაცია, მაგრამ ყველაზე დიდი ეფექტი, რაც ამ პროგრამებს მოაქვს, არის აზროვნებაში ცვლილება, რათა ახალგაზრდებმა იფიქრონ, რომ გახდნენ დამსაქმებლები.

 

 

სოფლის მეურნეობის მიმართულებით შეიქმნა 154 ახალი და გაფართოვდა 700 საწარმო; აქედან, მხოლოდ 2016 წელს, გაიხსნა 21 ახალი საწარმო.

 

 

ყველა ეს სახელმწიფო პროექტი საზოგადოებაში სამეწარმეო სულისკვეთების ჩამოყალიბებას ემსახურება და ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აზროვნების ტრანსფორმირების თვალსაზრისით, რომ ისინი გახდნენ მეწარმეები და შექმნან ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები.

 

 

2016 წელი წარმატებული იყო ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პროექტების მიმართულებითაც. დასრულდა პროგრამა „სინათლე ყველა სოფელს", რომლის ფარგლებში ელექტროენერგია უკვე მიეწოდება 30 უშუქო სოფელს. აშენდა საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური, ექსპლუატაციაში შევიდა კიდევ 4 ახალი ჰიდროელექტროსადგური.

 

 

რთველი 2016 - წელს გადამუშავდა 115 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, რაც ყველაზე მეტად სასიხარულოა იმ კუთხით, რომ 100 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო მოსახლეობამ. ეს არის მხოლოდ კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. ასევე უნდა აღინიშნოს გაზრდილი მაჩვენებლები ღვინის ექსპორტის კუთხით. მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 46 მილიონამდე ბოთლი ღვინო. ეს არის 40%-იანი მატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. თანხობრივ მაჩვენებლებში ეს დაახლოებით 105 მლნ აშშ დოლარია, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. საპროცენტო ზრდებში განსხვავება გამოწვეულია ფასების კლებით საექსპორტო ბაზარზე და როგორც კი მოხდება ბუნებრივი საექსპორტო ბაზრების რეაბილიტირება, რა თქმა უნდა ეს აისახება უკვე თანხობრივ მაჩვენებლებშიც ანალოგიურად საპროცენტო ზრდის პარალელურად.

 

 

ჩვენ შევიმუშავეთ მმართველობითი რეფორმა, საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნა ერთიანი „ბიზნესსახლის" პროექტი, რომლის მშენებლობაც 2017 წლიდან დაიწყება და სადაც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბიზნესს მოემსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით. ამასთან ერთად, დაიხვეწება და გაუმჯობესდება ონლაინმომსახურება, დაემატება ახალი დისტანციური სერვისები და მოხდება სახელმწიფო სერვისების საფასურის ოპტიმიზაცია.

 

 

ეს რეფორმა სხვა ანალოგიურ პლატფორმასთან ერთად, ხელს შეუწყობს საზოგადოების მონაწილეობას მმართველობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და, შესაბამისად, ხალხს ექნება უფრო მეტი შესაძლებლობა აკონტროლოს ხელისუფლება და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება მიღებული მმართველობის პროცესში.

 

 

რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს - გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ვრცლად ისაუბრა ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და მიღწევებზე, რომელიც ჩვენ ამ პრიორიტეტების რეალიზაციის მიმართულებით მივიღეთ.

 

 

მე მოკლედ შევეხები რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს:

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ  სრულად ვიზიარებთ პასუხისმგებლობას  იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დღეს ცივილიზებული მსოფლიო დგას და მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში.

 

 

2016 წელს ძალაში შევიდა  და სრულმასშტაბიანად ამოქმედდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება. მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ ვიზა-ლიბერალიზაციის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა გადაწყვეტილების მიმღებმა ევროკავშირის სამივე  სტრუქტურამ და ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით ყველა საჭირო პროცედურის დასრულებას, იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები, პრინციპული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. საქართველო პირველად მოხვდა ევროკავშირის სტრატეგიის დოკუმენტში, რომლის თანახმად, ჩვენი ქვეყნის წარმატება მშვიდობიანი და სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების კონტექსტში, სტიმულს აძლევს გარდაქმნების პროცესს აღმოსავლეთ სამეზობლოში.

 

 

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებითაც. 2016 წელს გაძლიერდა NATO-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი და მიღებულ იქნა ახალი ინიციატივები.

 

 

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს საქართველო მიწვეულ იქნა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე მიმდინარე სტრატეგიულ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად.

 

 

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ყოველდღიურად ვამტკიცებთ კავშირებს ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან, მათ შორის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.  მინდა მოგახსენოთ, რომ უკვე შედგა პირველი კონტაქტები ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. მომავალში, ჩვენ ველით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს „ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის" შესახებ და, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მემორანდუმის განხორციელების მიმართულებით.

 

 

დევნილები - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი მონაცემებით უკვე 13 700-მდე დევნილ ოჯახს და 300-ზე მეტ ეკომიგრანტ  ოჯახს გადავეცით საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი, სახლები. 2017 წელს მათთვის საცხოვრებლის გადაცემის პროცესი გაგრძელდება და კიდევ 1700-მდე დევნილ ოჯახს, ასევე ეკომიგრანტებს გადაეცემათ ფართები საკუთრებაში.

 

 

2016 წელი ძალიან წარმატებული იყო ქართული სპორტისთვისაც სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში ჩვენმა სპორტსმენებმა 844, მათ შორის, 7 ოლიმპიური მედალი მოიპოვეს. ამასთან ჩვენ დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და 2017 წელს თბილისსა და რეგიონებში გაიხსნება 20 სპორტული მოედანი - 10 სარაგბო და 10 საფეხბურთო. თელავში, გორსა და ბათუმში გაიხსნება მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები. მომავალ წელს ჩვენი ქვეყანა არაერთ მსოფლიო მასშტაბის სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს, მათ შორის, 2017 წლის ზაფხულში გაიმართება რაგბში მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი და ფეხბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, ასევე, ჭადრაკში მამაკაცთა შორის მსოფლიო თასი.

 

 

2016 იყო ისტორიული წელი   UNESCO -ს მიერ ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღიარებისა და დაცვის კუთხით. ივლისში მცხეთის ისტორიული ძეგლები  მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა UNESCO-ს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან  ამოიღო და ძირითად ნუსხაში დააბრუნა. 30 ნოემბერს, UNESCO-მ  ქართულ ანბანს  მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. დეკემბერში - UNESCO-მ მცხეთის ისტორიულ ძეგლებს ჰააგის კონვენციის თანახმად, გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიანიჭა. 2016 წელს განხორციელდა მასშტაბური კულტურული პროექტი „Сheck in Georgia" - რომლის შედეგადაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მოინიშნა მსოფლიო კულტურულ ღონისძიებათა კალენდარზე.

 

 

არ შეიძლება არ შევეხო იმ სფეროს, რომელიც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ - ეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში 1 მილიონ 200 ათასზე მეტმა კაცზე მეტმა ისარგებლა  საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით. წელს 13 000-ზე მეტმა პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში და მათი განკურნების მაჩვენებელი 90%-ია.

 

 

რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროგრამებს 2017 წელსაც გავაგრძელებთ, თუმცა ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვა გახდება კიდევ უფრო საჭიროებებზე ორიენტირებული და მეტად ხარისხზე ორიენტირებული. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა მეორე - ახალი ეტაპის რეფორმები, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე უზრუნველყოფს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისი. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 2017 წლიდან დაიწყება პირველადი ჯანდაცვის რეფორმაც, რაც ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას, დაავადებათა ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკას და მათ პრევენციას ისახავს მიზნად და ამოქმედდება ელექტრონული რეცეპტების სისტემა.

 

 

რა თქმა უნდა, ამ მიღწევების ჩამოთვლისას, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანას რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის ჩვენ არჩეული გვაქვს სწორი გზა. ჩვენს მოქალაქეებს დღეს არ აქვთ დალხინებული ცხოვრება, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად ვითავისებთ მათ ამ მდგომარეობას და ასევე ვითავისებთ იმ რეფორმების საჭიროებას, რომელთაც ვახორციელებთ. ეს არის სწორი გზა, ეს არის ის გზა, რაც იმ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომელსაც მე პირადად არაერთხელ გამოვხატავ ხოლმე. ეს ოპტიმიზმი არის სრულიად მატერიალური და პირდაპირ ტრანსფორმირდება იმ ენერგიაში, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძალიან სჭირდება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ!" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





 

big_banner
არქივი