logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ განახლებული ენერგიით შეეჭიდება გამოწვევებს
- +

11 მაისი. 2018. 18:04

 

 

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე:

 

„მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო,

მივესალმები მოწვეულ სტუმრებს, მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს,

მივესალმები ყრილობის დელეგატებს,

მივესალმები „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე დაგვთანხმდა, უხელმძღვანელოს ჩვენს პარტიას, რისთვისაც მთელი „ქართული ოცნების“ სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო მას.

 

ჩვენ, როგორც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე და ვთვლით, რომ პარტია, რომელიც  უმრავლესობით არის წარმოდგენილი სახელმწიფოს მართვის ყველა რგოლში, - აღმასრულებელ, ადგილობრივ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში, საჭიროებს მეტ სიმტკიცეს და ახლებურ მიდგომას. აუცილებელია, პარტია „ქართული ოცნება“ გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე, ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანი ციკლის განმავლობაში იმუშავებს სრული დატვირთვით და ორიენტირებული იქნება მუდმივ განვითარებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით.

 

ჩვენს პოლიტიკურ ძალას - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა  მოუწია. ეს გზა არ იყო მარტივი. ჩვენი გუნდი  მძიმე მემკვიდრეობას, დიდ გამოწვევებს შეეჭიდა და ბევრი პრობლემის გადაჭრა შეძლო, თუმცა, რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს, რომ ყველა სირთულე უკან მოვიტოვეთ და შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ...

 

მეგობრებო, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში, რადგან ჩვენი ყოველი ნაბიჯი მხოლოდ მათთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას ემსახურება; ჩვენი გუნდის და პირადად ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ყველა გადაწყვეტილება გუშინაც დღესაც და ხვალაც ემსახურებოდა და მოემსახურება საქართველოს წინსვლას.

 

2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა გუნდმა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის და 2016 წლიდან ჩემი მეთაურობით, უმთავრეს პრიორიტეტად დავისახეთ ადამიანის ყველა ძირითადი უფლების დაცვა. სიტყვისა და გამოხატვის, არჩევანის თავისუფლება, სასამართლოსა და მედიის  თავისუფლება,  სიცოცხლისა და საკუთრების უფლება - დემოკრატიული სახელმწიფოს ამ ფუნდამენტური ღირებულებების განუხრელი დაცვა იყო და არის ჩვენი მმართველობის უმთავრესი მონაპოვარი.

 

ჩვენი პრაგმატული და სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად, საქართველოში შეიქმნა უსაფრთხო და სტაბილური გარემო და დღეს, ჩვენი ქვეყანა ყველაზე უფრო ახლოს არის ევროკავშირთან და ნატოსთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მიღწეული შედეგი ჩვენ დამატებით სტიმულს გვაძლევს, რომ კიდევ უფრო ამბიციური ვიყოთ ჩვენს სამომავლო გეგმებში. უკვე შემუშავებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის ახალი კონცეფცია, რომლის  დევიზია - „მეტი ინტეგრაცია მეტი შესაძლებლობებისთვის“. ახალი კონცეფცია მიზნად ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმების, ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმების მიღმა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისთვის.

 

აუცილებლად მინდა გამოვყო ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის შეთანხმება, რომლის შედეგადაც დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში. ეს მიმოსვლა ჩვენს ხალხს არაერთ შესაძლებლობას უჩენს როგორც ევროპასთან კულტურული და ღირებულებითი სიახლოვის გასამყარებლად, ისე - ეკონომიკური თვალსაზრისით.

 

წარმატებით მიმდინარეობს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი. როგორც იცით, ივლისში გაიმართება ნატოს ვარშავის სამიტი, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, სათანადოდ იქნება ხაზგასმული საქართველოს პროგრესი ნატოსთან ურთიერთობაში   პროგრესი და ეს შესაბამისად აისახება  დეკლარაციებში.

 

სულ უფრო მტკიცე ხდება ჩვენი ურთიერთობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის  შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ამერიკელი მეგობრებისგან მტკიცე მხარდაჭერას ვიღებთ  ყველა დონეზე.

 

ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ორი რეგიონის ოკუპაციის პირობებში, ჩვენი უმთავრესი გამოწვევაა და ამ საკითხში საქართველო სარგებლობს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული თანადგომით.

 

საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, მათ შორის, ახალი სამშვიდობო ინიციატივები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობს. ჩვენი დასავლელი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნიდან ღიად და მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ისინი ასევე იზიარებენ და მხარს უჭერენ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში.

 

არ არსებობს წინსვლა, განვითარება და პროგრესი მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად ქვეყანაში სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას მივიჩნევ. რეგიონი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არის ერთდროულად შესაძლებლობებისა და გამოწვევის რეგიონი. ამიტომ  პრაგმატული საგარეო პოლიტიკა ის უნიკალური ინსტრუმენტია, რომლითაც შესაძლებელია, ერთი მხრივ, არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და, იმავდროულად, ყველა იმ სიკეთით სარგებლობა, რომელიც ასე უხვადაა ჩვენს რეგიონში.

 

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების დღის წესრიგზე. ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების შედეგად, საქართველოში წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებზე გავიდა. უპრეცედენტოდ დინამიკურად ვითარდება ტურიზმი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. 

 

ჩვენი მთავარი გამოწვევა  დღეს სწორედ ეკონომიკის სწრაფი აღმავლობის მიღწევა გახლავთ. ამას ემსახურება ჩვენ მიერ დაწყებული დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებითაც უნდა აღმოიფხვრას დედაქალაქსა და რეგიონებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული უთანაბრობა. ამას ისახავს მიზნად აგრეთვე ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება, საბაზრო ეკონომიკას მორგებული, თანამედროვე ცოდნით მოქალაქეების აღჭურვა და, რა თქმა უნდა, მოქნილი მმართველობის სისტემა. სწორედ ამ პროგრამით გაიმარჯვა ჩვენმა პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და სწორედ ამაზეა ორიენტირებული ჩვენი გუნდის მუშაობა. ჩვენ ვიცით, რომ კიდევ მეტი ძალისხმევა და მეტი ტემპი გვჭირდება, რათა უფრო სწრაფად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რასაც უმუშევრობა ჰქვია. 

 

სიღარიბის დამარცხების ერთადერთი გზა ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენი მოქალაქეების დასაქმება. სამუშაო ადგილებს ბიზნესი ქმნის და ეს არის ამ პრობლემის გადაწყვეტა. ამიტომაც, ჩემი მოტივაციაა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს ჯანსაღი, ხელსაყრელი და კონკურენტული, უსაფრთხო და სტაბილური გარემო, რომ დამწყები ბიზნესი იყოს წახალისებული და ახალგაზრდებში ამაღლდეს სამეწარმეო სულისკვეთება.

 

მე მჯერა, რომ თანმიმდევრული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით   დავძლევთ ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს და ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას.

 

მეგობრებო, დღეს ყრილობა ირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტისა და მისდამი ხალხის ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განახლებული ენერგიით შეეჭიდება და გაუმკლავდება დღევანდელ გამოწვევებს. 

 

მინდა, წარმატება ვუსურვო ბატონ ბიძინას  და „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს იმ დიდ საქმეში, რასაც ქვეყნისა და ხალხის სამსახური ჰქვია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი