logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო ლიდერობს რეგიონში
- +

11 მაისი. 2018. 19:02

 

 

„დღეს ისე, როგორც არასდროს საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის რიგით მე-5 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„საქართველოში დღეს სრულად დაცული და ხელშეუხებელია ერთ-ერთი მთავარი სოციალური ინსტიტუტი, ადამიანის თავისუფალი განვითარების ძირითადი საფუძველი – კერძო საკუთრება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ფეხქვეშ გათელილი და განადგურებული იყო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მისი განცხადებით, ქვეყანაში აღარ არსებობს ელიტური კორუფცია და როგორც არასდროს, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი, რაც ქვეყანაში დოვლათის შექმნისა და კეთილდღეობის მთავარი საფუძველია.

 

„აღარ არსებობს ელიტური კორუფცია, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენების მიერ ხელში ჩაგდებული და მონოპოლიზებული სფეროები, სადაც ფეხის შედგმის გაფიქრებაც კი ჩვეულებრივ მეწარმეს მრავალწლიან პატიმრობად და მთელი ქონების დაკარგვად უჯდებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი - ქვეყანაში დოვლათის შექმნისა და კეთილდღეობის მთავარი საფუძველი, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ივანიშვილის თქმით, სწორედ ამან განაპირობა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ბოლო წლებში არსებული არასტაბილურობისა და რყევების მიუხედავად, საქართველო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, კაპიტალის დაბანდების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო ქვეყანაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობამ შარშან საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

 

„ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო ლიდერობს რეგიონში, ხოლო სავალუტო ფონდის ბოლო განახლებული მონაცემებით, მომავალი ექვსწლიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო ლიდერია არათუ რეგიონში, არამედ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორისაც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი დღეს პარტიის მეხუთე ყრილობაზე აირჩიეს, რომელიც მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“ გაიმართა.

 

 

big_banner
არქივი