logo_geo
კახა კალაძე: პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, კაცები და მერე პოლიტიკოსები
- +

14 მაისი. 2018. 03:06

 

„პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, კაცები და მერე პოლიტიკოსები. ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას, მისი მხრიდან გაკეთებული განცხადება იყო ღირსეული ნაბიჯი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, კაცები და მერე პოლიტიკოსები; ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება. გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, მოსახლეობასთან. რაც გაჟღერდა, იმ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორც ეს შს მინისტრმა თქვა, ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ მოგვარდეს.

 

პირადად მე გუშინაც გავაკეთე განცხადება გუნდის სახელით, გავაკეთე განცხადება ამ კონკრეტულ პრობლემებზე და ვთქვი ჩემი მოსაზრებები. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა, ყველა ერთად ვიბრძოლებთ ნარკორეალიზატორების, ნარკოტრეფიკის წინააღმდეგ. ეს არის სერიოზული პრობლემა. ყველას უნდა შთავაგონოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. შეიძლება ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გამოვიდეს, მაგრამ ყოველდღიურობაში ჯანსაღი წესით ცხოვრება მნიშვნელოვანია და დიდი იმედი მაქვს ჩართულობის“, - განაცხადა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მან რუსთაველზე შეკრებილებს ბოდიში მოუხადა.

 

ამასთან გახარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა, თავადაც მოიხადონ ბოდიში იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დაიშალა.

 

 

big_banner
არქივი