logo_geo
მიხეილ ჯანელიძე ოპოზიციას: ევროპული იდეა რუსთაველზე მაშინ მარცხდებოდა, როდესაც დემონსტრანტებს არბევდნენ
- +

15 მაისი. 2018. 13:13

 

 

„ევროპული იდეა მარცხდებოდა რუსთაველზე მაშინ, როდესაც არბევდნენ დემონსტრაციებს, აკავებდნენ და კლავდნენ ადამიანებს. დღეს კი საქართველომ აჩვენა მაგალითი დემოკრატიული განვითარების მაღალი დონისა და მაღალი სტანდარტის. ამით ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ოპოზიციის რეპლიკის პასუხად განაცხადა, რომელმაც ხელისუფლება რუსთაველზე მიმდინარე აქციებისას გამოჩენილი კონტრაქციის წევრების იდეოლოგიისა და ქმედებების დაშვებისთვის გააკრიტიკა.

 

მიხეილ ჯანელიძის თქმით, კვირას დაცული იყო ყველა დემონსტრანტის უფლება და სახელმწიფო ასევე გააგრძელებს მომავალშიც. რაც შეეხება საკითხისადმი მიდგომას, ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში შემუშავდება ისეთი მიდგომები და პოლიტიკა, რომელიც მისაღები იქნება ფართო საზოგადოებისთვის და არა ერთი რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ დღეს მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პარლამენტში ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია წარადგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც საგარეო საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრების კითხვებს უპასუხა.

 

 

big_banner
არქივი