logo_geo
მარიამ ჯაში: „ვარდების რევოლუცია“ საქართველოს ისტორიას შემორჩება, რადგან...
- +

22 მაისი. 2018. 17:05

 

„საქართველოსთვის პირველი რესპუბლიკის ისტორიული წონადობა უფრო მასშტაბურია, თუმცა ჩვენ უახლესი ისტორია არ უნდა დავივიწყოთ“, – ეს განცხადება პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა „ვარდების მოედნისთვის“ სახელის შესაძლო გადარქმევის საკითხის კომენტირებისას გააკეთა.

 

„ნებისმიერი სახელდების პროცესში  ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის პოზიცია გახლავთ ის, რომ ჩვენ ჩვენს ისტორიებს პატივი აუცილებლად უნდა ვცეთ. თუმცა წონადობა იმ ისტორიული მოვლენების, ბუნებრივია, განხილვის საკითხი შეიძლება იყოს. პირველი რესპუბლიკა საქართველოსთვის ბოლო საუკუნის მანძილზე უაღრესად ისტორიული მოვლენა იყო, შესაბამისად, ისტორიული წონადობა საქართველოსთვის პირველ რესპუბლიკას ბევრად უფრო მასშტაბური აქვს. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, როდესაც ჩვენი ისტორიის სხვადასხვა ფაზების მიმართ დამოკიდებულებები იცვლება“, – განაცხადა ჯაშმა.

 

მარიამ ჯაშის აზრით, „ვარდების რევოლუცია“ საქართველოს ისტორიას შემორჩება, რადგან შეცდომების მიუხედავად,  ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.

 

„იმედი მაქვს, რომ „ვარდების რევოლუციის“ სახელიც ჩვენს ისტორიას აუცილებლად შემორჩება, რადგან ეს ჩვენი გარდამავალი ქვეყნის სახელმწიფოებრივი მშენებლობისთვის თავისი წარმატებებით და შეცდომებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ჩვენს უახლეს ისტორიას არ უნდა ვივიწყებდეთ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

 

big_banner
არქივი