logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: რომ არა ეს ხალხი, რომ არა ეკლესიის როლი, დღევანდელი საქართველო არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის
- +

26 მაისი. 2018. 14:24

 

„რომ არა ის ხალხი, ვინც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობას, რომ არა გამორჩეული ქართველი მოღვაწეები, რომ არა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლი, სადაც ნაკვერჩხალივით ინახებოდა ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება, რომ არა გამთლიანებული ეროვნული ცნობიერება, არც 1918 წლის 26 მაისი იქნებოდა და არც დღევანდელი საქართველო იქნებოდა ისეთი, როგორიც არის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღეები და წუთები, რომლებიც მომავალს ქმნიან და ერის ბედს წყვეტენ.

 

100 წლის წინ სწორედ ასეთი დღე იყო საქართველოსთვის - 26 მაისი. ეს დღე ერის ისტორიის ლოგიკური განვითარების, მარადიული ეროვნული ენერგიის და მრავალი თაობის უდიდესი ძალისხმევის შედეგი იყო. არ შემიძლია, არ გავიხსენოთ მე-19 საუკუნის 60-იანელების, თერგდალეულების, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიული როლი. ქართული პოლიტიკური და სამართლებრივი აზრი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ და ამზადებდა 1918 წლის 26 მაისს. რომ არა ეს ხალხი, რომ არა გამორჩეული ქართველი მოღვაწეები, რომ არა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლი, სადაც ნაკვერჩხალივით ინახებოდა ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება, რომ არა გამთლიანებული ეროვნული ცნობიერება, არც 1918 წლის 26 მაისი იქნებოდა და არც დღევანდელი საქართველო იქნებოდა ისეთი, როგორიც არის“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, ჩვენი უმთავრესი ეროვნული დღესასწაული დამოუკიდებლობის დღე წელს იმით არის სრულიად გამორჩეული, რომ ქართველი ერი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ზეიმობს.

 

„ამ დიდი ისტორიული თარიღის აღსანიშნავად, ჩვენთან ერთად არიან საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების შთამომავლები. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება სამშობლოში“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

მანვე ახალწვეულებს ფიცის დადება მიულოცა.

 

„ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენ ყველა თანამემამულეს, განსაკუთრებით ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს ახალწვეულებს. საპატიო და ამაღელვებელია მათთვის ეს დღე, ვინც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამშობლოს ერთგულების ფიცი დადო და საქართველოს ჯარისკაცი გახდა. მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად მოიხდით ვალს სამშობლოს წინაშე, თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი იქნება და ღირსეულად ატარებს ქართველი მეომრის საპატიო სახელს. მჯერა, თქვენ ბოლომდე გაუფრთხილდებით მათ სახელებს, ვინც თავი შესწირა და სისხლი დაღვარა საქართველოსთვის. ჩვენ ყველანი ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე. სამშობლო არასდროს დაივიწყებს მათ სახელებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი