logo_geo
ირაკლი კობახიძე: მინდა, მოგილოცოთ ჩვენი წინაპრების სანუკვარი ოცნების ასრულება
- +

26 მაისი. 2018. 14:24

 

„100 წლის წინ გამოცხადებული საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობა დღეს რეალობაა და მინდა, უპირველეს ყოვლისა, მოგილოცოთ ჩვენი წინაპრების სანუკვარი ოცნების ასრულება - ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე, ახალწვეულების ფიცის დადების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, 100 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა გადადგეს უდიდესი ნაბიჯი თავისუფლებისაკენ. მისივე თქმით, ეროვნული დამოუკიდებლობის გარდა, საქართველომ მოიპოვა დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი, რაც დღეს, ერთი საუკუნის შემდეგაც, სიამაყის განცდას ბადებს თითოეულ ჩვენგანში.

 

„დღეს, საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლის საფუძველს წარმოადგენს დემოკრატიული, ევროპული ყაიდის კონსტიტუცია. დღევანდელი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები, საზოგადოება და მისი შეიარაღებული ძალები ეფუძნება დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის პრინციპებსა და ღირებულებებს. ამაზე ოცნებობდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამაარსებლები. დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჩვენი თაობის დიდი მონაპოვარი და პრივილეგიაა. საქართველოს ისტორია გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას ჩვენი მომავლის წინაშე - ჩვენ უნდა დავიცვათ, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ არა მხოლოდ ეროვნული სუვერენიტეტი და დემოკრატიული წყობა, ჩვენ უნდა დავიცვათ სამშობლოს ღირსება, აღვადგინოთ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა, შემოვირიგოთ და დავიბრუნოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები. ეს უდიდესი ამოცანაა, რომლის გადაჭრისთვისაც ხელისუფლებისა და საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანებაა აუცილებელი. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საუკუნოვან იუბილეს და ჩვენი ქვეყნის შემდგომ აყვავებასა და აღმავლობას გისურვებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი