logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: მჯერა, 100 წლის წინ დადებულ ფიცს წელს ბოლომდე აღვასრულებთ
- +

26 მაისი. 2018. 14:25

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე ქმნის ისტორიას. ამის შესახებ პრემიერმა თბილისში თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ყოველ ჩვენგანს გვაკისრია მისია, რომ 100 წლის წინ ჩაყრილ საძირკველს, დავაშენოთ კეთილდღეობასა და სულიერ ძლიერებაზე დამყარებული ქართული სახელმწიფო.

 

„მე მჯერა, რომ 100 წლის წინ დადებულ ფიცს, წელს ბოლომდე აღვასრულებთ და საქართველო დამკვიდრდება როგორც ძლიერი და შეუქცევადი დემოკრატიის სახელმწიფო. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, 1918 წლის 26 მაისი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

 

„წარსულს იმიტომ, რომ სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი საქართველოს სახელმწიფოს ეროვნულ პოლიტიკას, რომელიც მაშინდელი მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვრად მიჩნეულ ღირებულებებზე იყო დაფუძნებული. აწმყოს იმიტომ, რომ ქართული სახელმწიფო დღეს ზუსტად იმ ღირებულებების გამგრძელებელია, რომლებმაც ისე ახლოს მიიყვანა ჩვენი ქვეყანა ევროპასთან, როგორც არასდროს. მომავალს იმიტომ, რომ იმავე ღირებულებების ერთგულებით და მათზე დაყრდნობით ჩვენ ვიკვალავთ ახალ გზებს სახელმწიფოს აღმშენებლობისკენ, რათა ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ მსოფლიოს განვითარებულ ცივილიზებულ სახელმწიფოთა შორის“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, 100 წლის წინ საქართველომ მიიღო პირველი კონსტიტუცია, რომელიც დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში.

 

„ეს იყო მრავალეთნიკური სახელმწიფოს კონსტიტუცია, რომელიც მოიცავდა უნივერსალურ საარჩევნო ხმის უფლებას, უმცირესობათა უფლებებს და რელიგიის თავისუფლებას. საქართველო ევროპაში იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, სადაც ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები. სწორედ იმ დროიდან იწყება საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორია“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირველი რესპუბლიკის გამოცდილება ჩვენი დასავლური იდენტობის დამადასტურებელი კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტია.

 

„ჩვენ 100 წლის წინ შევქმენით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, თუმცა სულ რაღაც 3 წელიწადში წითელი არმია შემოიჭრა და საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თავისუფლება 70 წლით გადაიდო. თუმცა პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების, ჩვენი ერის კაცების სულისკვეთებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არასდროს გვიღალატია თავისუფლების იდეისთვის, რომელიც თაობიდან თაობაში გადადიოდა და 27 წლის წინ, კვლავ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა. პირველი რესპუბლიკის გამოცდილება ჩვენი დასავლური იდენტობის დამადასტურებელი კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტია. ის რომ, საქართველო ასე მყარად დგას ევროპასთან და ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე, სწორედ იქედან იღებს სათავეს. დღეს საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლაში. სამშვიდობო მისიების მონაწილე ქართველმა მეომრებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, საქართველო საიმედო და ერთგული პარტნიორის სახელი განამტკიცეს მთელ მსოფლიოში. მინდა მათ მადლობა გადავუხადო და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი