logo_geo
დავით სერგეენკო: ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა
- +

19 ივნისი. 2018. 10:50

 

„ნუ ჩამომართმევთ საკითხის მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა, როგორც 2012-ში ასევე 2018-ში“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც დღეს მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

 

კითხვაზე, დარჩება თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერობის კანდიდატი სამ კვირაში წარადგენს, სერგეენკო აცხადებს, რომ ამ საკითხზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.

 

„განახლებული გუნდის შემადგენლობაზე, რომელიც სამ კვირაში წარდგება პარლამენტის წინაშე, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ გუნდში არის კონსულტაციები და ჩართული ვარ ამ კონსულტაციებში. დამერწმუნეთ, ღრმად ვაცნობიერებ, რომ ეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და მათი ინტერესი რელევანტურია. თუმცა ყველაფერს თავის წესი აქვს და ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრს უნდა მივცეთ პირველი სიტყვის თქმის უფლება ახალ მთავრობაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

 

მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა.

 

20 ივნისს კი ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოთხოვნა უკვე გაუგზავნა.

 

საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

 

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი