logo_geo
დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი: საქართველოს აქვს კარგი მომავალი NATO-სთან
- +

6 ივლისი. 2018. 01:04

 

 

NATO-ს ბრიუსელის სამიტამდე ერთი კვირით ადრე საქართველოში მყოფი დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი მოლოდინებსა და გამოწვევებზე პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

 

შეკითხვაზე, როგორია ბრიტანეთის პოზიცია ღია კარის პოლიტიკისა და NATO-ს გაფართოების შესახებ საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც ქვეყანა საერთაშორისო მისიების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორად რჩება, NATO-ს ღირსეულ პარტნიორად მიიჩნევა, თუმცა წევრობამდე ჯერ ვერ მიდის, საიმონ მაკდონალდი ამბობს, რომ საქართველომ NATO-ში ინტეგრაციისთვის უკვე ბევრი გააკეთა.

 

„საქართველო უკვე აკეთებს ბევრს. საქართველო აკეთებს იმას, რაც საჭიროა. ეჭვგარეშეა, რომ პროცესი NATO-ში იმაზე ნელა მიდის, ვიდრე საქართველო ისურვებდა, მაგრამ ამასობაში რეფორმები თავისთავად მუშაობს – საქართველოს გაცილებით უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს იმ სამუშაოს შედეგად, რომელიც ქვეყანამ უკვე გასწია.

 

მე არ ვიცი რა მოხდება მომდევნო კვირას, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს ვიცი, რომ საქართველოს აქვს ახლო და ფუნქციონალური ურთიერთობები და კარგი მომავალი NATO-სთან“, – აღნიშნა საიმონ მაკდონალდმა პირველი არხისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

 

რაც შეეხება გაწევრიანების კონკრეტულ ვადებს, დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს ამ თემაზე საუბარი უჭირს, თუმცა დასძენს, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს აქტიურ მხარდამჭერად რჩება.

 

„მე არ მაქვს კრისტალის ბურთი, ამიტომ ვერ ვიტყვი, როდის შეიძლება ეს მოხდეს. მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც ვიცი, რამდენს აკეთებს საქართველო. ეს ჩემი მეორე ვიზიტია თბილისში. პირველად მე აქ 2009 წელს ჩამოვედი, როდესაც პრემიერ-მინისტრ ბრაუნთან ვმუშაობდი. მაშინ იმაზე სასაუბროდ ჩამოვედი, რას ვაკეთებდით ჩვენ ორივე ქვეყანა ერაყში. ახლა ჩვენი ორივე ქვეყნის ძალები განლაგებულნი არიან ავღანეთში. ახლა საქართველოს ყველაზე დიდი მისია აქვს ავღანეთში მის პოლულაციასთან შეფარდებით. ასე რომ, ჩვენ ვიცით რამდენს აკეთებს საქართველო.

 

გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს NATO-ს გაფართოებას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ცივი ომიდან მოყოლებული. მაგრამ ყოველი ნაბიჯი განპირობებულია დღევანდელობის მთავარი ფაქტორებით. სწორედ ამ ფაქტორებზე ვიმსჯელებთ მომავალ კვირას“, – განაცხადა საიმონ მაკდონალდმა.

 

მისვე განცხადებით, მომავალ კვირას წევრი სახელმწიფოების ლიდერთა ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეაქციებსა და პოზიციებზე იქნება ფოკუსირებული. როგოც ცნობილია, ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს წერილი გაუგზავნა სადაც ნათქვამია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთი ფინანსური კონტრიბუცია უნდა გაზარდონ. გავრცელებული ინფორმაციით, თუ NATO-ს ევროპელი მოკავშირეები თავდაცვის სფეროს დაფინანსებას არ გაზრდიან, აშშ-მა შესაძლოა, მსოფლიოში მისი სამხედრო წარმომადგენლობა შეამციროს.

 

„ყველა მოელის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეაქციის ხილვას. როგორც ცნობილია, მან უკვე მიმართა ზოგიერთ წევრს, რომ მათ გაზარდონ თავიანთი კონტრიბუცია NATO-ში, რომ ყველა წევრმა აიღოს ვალდებულება და რომ ყველა წევრი შეთანხმებულია ამ მიმართულებით თავდაცვაზე თავისი ეროვნული შემოსავლის ორი პროცენტი დახარჯოს. ჯერ ამას მხოლოდ 5 სახელმწიფო აკეთებს, ერთ-ერთი მათგანი გაერთიანებული სამეფოა, ამიტომ მე არ ველი, რომ გაერთიანებული სამეფო ამ თემაზე ფოკუსირებული იქნება“, – განცხადა დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელმა პირველ არხთან საუბრისას.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი