logo_geo
სერგო რატიანი: იმედი მქონდა, რომ ამ საღამოს ნიკანორ მელია, ბრიფინგებით არ დაგველაპარაკებოდა
- +

6 იანვარი. 2017. 22:37


 

„ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიიდან ამოღებული არიან ის პირები, რომლებმაც ყრილობის საორგანიზაციო, თვითგამოცხადებული ექვსეული შექმნეს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის" მმართველი ორგანო - პოლიტსაბჭო გააუქმეს", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა განუცხადა.


როგორც რატიანმა განმარტა, დეპუტატობის კანდიდატების სიიდან ამოღების თაობაზე ცესკოს თავად მიმართა, როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა. მისივე თქმით, შესაბამისი წერილი ერთი კვირაა მზად არის და ამის თაობაზე ნიკა მელიამ იცოდა.


ცესკოსთვის მიმართვის მიზეზებზე საუბრისას, რატიანმა განაცხადა, რომ დაწყებული იყო მოლაპარაკებები ურთიერთობის, ურთიერთპატივისცემის რეჟიმში გადასვლის შესახებ, მაგრამ ეს პროცესი ჩაიშალა.

 

„პირველ რიგში, იმედი მქონდა, რომ ამ საღამოს ჩვენი მეგობრები, მათ შორის, ნიკანორ მელია, ბრიფინგებით არ დაგველაპარაკებოდა და მას მატროსოვის ციხესთან ვიხილავდით. მეორე, ტყუილია და არ შეესაბამება სიმართლეს ის, თითქოს მათ ამ მიმართვის შესახებ არ იცოდნენ. ეს ნიკანორ მელიამ იცოდა. ერთი კვირაა, წერილი გვქონდა გამზადებული, მაგრამ დაწყებული იყო კონსულტაციები და მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, რომ შეწყვეტილიყო ასეთი სახის ურთიერთობები და გაგრძელებულიყო ურთიერთობები ურთიერთპატივისცემის რეჟიმში. მოლაპარაკების შეწყვეტა კონკრეტულად ნიკანორ მელიას პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიას, სიიდან ამოღებული არიან ის პირები, რომლებმაც ყრილობის საორგანიზაციო, თვითგამოცხადებული ექვსეული შექმნეს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის" მმართველი ორგანო - პოლიტსაბჭო გააუქმეს და რეალურად მისი უფლებამოსილება შეითავსეს. ამით მათ პარტია ორ ნაწილად გაყვეს, შექმნეს ჩიხური ვითარება და სურთ მათი წესებით მოქმედება, სურთ მათი წესებით მოხდეს ყრილობის ორგანიზება, რაც იმის საფუძველს ქმნის, რომ ყრილობა სამართლებრივ ჩარჩოში არ იქნება", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" სერგო რატიანმა.


 

big_banner
არქივი