logo_geo
დონალდ ტუსკი მამუკა ბახტაძეს: გულმხურვალედ ველი თქვენთან თანამშრომლობას
- +

19 ივლისი. 2018. 17:31

 

 

„დიდი სიხარულით მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს ბრიუსელში და ვულოცავ მთავრობის მეთაურის პოზიციაზე დანიშვნას!“ - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

 

„მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო ამ არჩევანისთვის. ბრიუსელში შედგა თქვენი ერთ-ერთი პირველი თუ სულაც პირველი საგარეო ვიზიტი პრემიერის რანგში. ეს ძალიან სიმბოლურია და უდავოდ ვაფასებთ ამ გადაწყვეტილებას.

 

უპირველეს ყოვლისა, სამძიმარი მინდა გამოვუცხადო ტყიბულის მაღაროში დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს კი, სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო.

 

ევროპის კავშირი და საქართველო ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან. პრემიერ-მინისტრმა და მე შეხვედრაზე კვლავ დავადასტურეთ მზადყოფნა ამბიციური ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისა  და ყოველივე ამაში ვითვალისწინებთ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების და  ეკონომიკური ინტეგრაციის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

 

ევროკავშირი რჩება საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ შევთანხმდით ამ ძალისხმევის გაგრძელების საჭიროებაზე. ასევე, ძალიან დამაინტერესა და განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია. საქართველო გამოწვევებით აღსავსე სამეზობლოში იმყოფება და გადამწყვეტ როლს ასრულებს ურთიერთობათა დალაგების, ხელშეწყობისა და „ხიდების აგების“ სფეროში.

 

ევროკავშირი აფასებს ამ კუთხით საქართველოს ძალისხმევას და ველით თქვენთან მუშაობის გაგრძელებას რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

 

ასევე, ძალიან ვაფასებთ საქართველოს კონსტრუქციულ როლს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში, ისევე როგორც ევროპული და ტრანს-ატლანტიკური მისიების ფარგლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო.

 

წელს, 10 წლისთავი აღინიშნება 2008 წლის აგვისტოს ომიდან საქართველოსა და რუსეთს შორის. მინდა, ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა აღგითქვათ ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გასული 10 წლის განმავლობაში საქართველომ წარმატებით მოახერხა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და აყვავებული ეკონომიკის შექმნა.

 

ევროპის კავშირი გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, მისი გამძლეობის და შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა იქნას მიღწეული.

 

ამ კონტექსტში მივესალმები საქართველოს ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ახალ სავაჭრო და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს.

 

მზად ვართ, ამ პროგრამის განხორციელებაში შემდგომი დახმარება აღმოგიჩინოთ.

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი წარმატება მინდა გისურვოთ დაკავებულ თანამდებობაზე და გულმხურვალედ ველი თქვენთან თანამშრომლობას“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

 

 

big_banner
არქივი