logo_geo
ქეთევან ციხელაშვილი: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არავის წინააღმდეგაა მიმართული
- +

27 ივლისი. 2018. 16:45

 

 

„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არავის წინააღმდეგაა მიმართული, მათ შორის - არც რუსეთის“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

 

მისი თქმით, განცხადებები, რომელიც რუსეთიდან ისმის, დაახლოებით ერთ ტონალობაშია, შესაბამისად, კოსაჩოვის განცხადება განსაკუთრებული სიურპრიზი და სიახლე არ ყოფილა.

 

„ამაზე ჩვენი პასუხი ცალსახაა – საქართველოს განვითარების გზა, მის მიერ არჩეული ევროპული და ევროატლანტიკური კურსი და ვექტორი, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, მათ შორის, არც რუსეთის. ეს არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობასა და უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

 

მისი შეფასებით, საქართველომ წლების განმავლობაში, თავისი პოლიტიკით უკვე დაამტკიცა, რომ არის ქვეყანა, რომელსაც კონფრონტაცია არ სჭირდება და ყველაფერს აკეთებს კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენი ამბიცია არის, ვიყოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი ქვეყანა, რომელსაც ექნება საშუალება, რომ განვითარდეს იმ გზით და ღირებულებებით, რომელიც აირჩია მისმა საზოგადოებამ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

 

სახელმწიფო მინისტრის თქმით, რამდენიმე დღეში, აგვისტოს ომიდან 10 წელი შესრულდება. ეს პერიოდი კი, საკმარისია, რომ ყველამ დაინახოს, რეალურად რა ხდება.

 

„ალბათ, ეს პერიოდი არის საკმარისი, რომ ყველამ ნათლად დაინახოს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. ოკუპაციამ და მიმდინარე ოკუპაციამ, რომელიც სამწუხაროდ, ცოცხალი პროცესია და ამ რეგიონების რუსეთს სივრცეში მეტად და მეტად ინტეგრირების სახე მუდმივად აქვს, რეალურად მოიტანა, რომ არსებულ ვითარებას არაფერი აქვს საერთო ე.წ. დამოუკიდებლობასა და ხალხის ელემენტარულ ინტერესებთან. ვგულისხმობ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ადამიანის უფლებებს, ჰუმანიტარულ მდგომარეობას“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

მისი თქმით, შეზღუდვები და მავთულხლართები ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული.

 

„ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ე.წ. აღიარების პოლიტიკა რუსეთის მხრიდან ცხადია, ჩავარდა და ეს კარგად იციან რუსეთში. ვფიქრობ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებაში ამ 10 წლის თავზე, ეს არის გააზრებული და გათვითცნობიერებული. რეალურად პროცესი არის რუსიფიკაციის. ამის შესაკავებლად მთელი რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი და პირველ რიგში, ეს ნაბიჯები გულისხმობს ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვას. მათ შორის, რუსეთისთვისაც არის ეს მოწოდება, რომ შეწყდეს პოლიტიკა, რომელიც არის პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული, შეწყდეს მავთულხლართების პოლიტიკა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

 

მისი თქმით, აუცილებელია მავთულხლართების დემონტაჟი და ყველა იმ შეზღუდვის გაუქმება, რომელიც წლებია ადამიანების ყოფას აუარესებს. უნდა გადაიდგას ნაბიჯები ხალხთაშორის კონტაქტების წახალისებისკენ.

 

„ამისთვის, ჩვენ ძალიან კონკრეტული სამშვიდობო გეგა დავდეთ, ფაქტობრივად, საგზაო რუკა ხალხის მდგომარეობისა და ნდობის კუთხით. აქ უნდა მოხდეს ინვესტიცია ჩვენი საზოგადოების, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზოგადოების მხრიდან და ვფიქრობ, ამით არათუ ვინმე დარჩება წაგებული, არამედ ეს არავის ინტერესების წინააღმდეგ არ არის. აღნიშნული მხოლოდ მავთულხლართებისა და ხელოვნური შეზღუდვების წინააღმდეგაა“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

 

კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა, რომ თუ საქართველოში NATO-ს სამხედრო ძალები განთავსდება, რუსეთი ადეკვატურ საპასუხო ზომებს მიმართავს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი