logo_geo
მირიან წიკლაური: ევა გოცირიძემ და მერაბ ტურავამ ამიხსნან, მარიხუანას მოხმარება ადამიანს როგორ ავითარებს?!
- +

31 ივლისი. 2018. 13:43

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მომხრეა. პირველ არხთან საუბარში მირიან წიკლაური მარიხუანას ლეგალიზებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტს საშუალება აქვს, კონსტიტუცია შეცვალოს, მათ შორის ის მუხლი, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოზე არის საუბარი.

 

დეპუტატის თქმით, ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ არ არსებობს და ადამიანები წყნარად და ბედნიერად ცხოვრობენ.

 

„თავიდანვე მომხრე ვიყავი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არსებული სახით არ არსებობდეს. მისი უფლებები იცით? შეუძლია, ოთხი მილიონი ადამიანის ნების წინააღმდეგ წავიდეს და არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადოს. ანუ, ვიღაცისგან დანიშნულ ოთხ ადამიანს უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე ოთხ მილიონ ადამიანს. ეს ნონსენსია და სწორი არ არის. არ შეიძლება, ოთხ ადამიანს ასეთი უფლებები ჰქონდეს.

 

მესმის, რომ შეიძლება ასეთი უფლებები ერთ პირს ჰქონდეს და ასეთი პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი იყოს, მაგრამ ოთხს, ვიღაცის მიერ დანიშნულ პირს არ უნდა ჰქონდეს. ეს გადაწყვეტილება ჩემი ერისთვის საზიანოა, თორემ, პიროვნულად არ მეხება, რადგან ოჯახში მარიხუანას მომხმარებელი არავინ მყავს“, – აცხადებს დეპუტატი.

 

წიკლაური მიღებული გადაწყვეტილების გამო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს აკრიტიკებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ თავის დროზე, მათ ხმა მისცა.

 

„მარიხუანას ლეგალიზების შემდეგ, მოხმარება ყოველდღიური, ყოფითი ამბავი იქნება. ჩემი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის პოზიციაა, რომ ყოვლად უპასუხისმგებლო ადამიანებმა უსინდისო გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ქვეყნისა და ერის ღალატის ტოლფასია. გადაწყვეტილებამ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს, ამის პროგნოზი შეიძლება. უახლოეს მომავალში შესაძლოა, ეს კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნდეს. შორეულ მომავალში მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ისეთი ორგანოსგან ასეთი გადაწყვეტილების მი​ღება არ უნდა ხდებოდეს, როგორიც საკონსტიტუციო სასამართლოა. სარჩელი შეტანილი კონსტიტუციის მე-16 მუხლით იყო, რომელიც განმარტავს, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი განვითარების უფლება. ევა გოცირიძემ და მერაბ ტურავამ ამიხსნან, მარიხუანას მოხმარება ადამიანს როგორ ავითარებს?! მათი მსჯელობა ყოველგვარ ცინიზმს სცილდება. აქამდე მეგონა, რომ ადამიანს წიგნის კითხვა, სპორტი ავითარებდა და თურმე, მარიხუანა ავითარებს. ამ ადამიანების ცინიზმი სადამდე უნდა მივიდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს?! ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს ვიხდი, რომ ასეთი შეცდომა დავუშვი და მათ მხარი დავუჭირე. მომავალში, ასეთი ადამიანების არჩევის პროცესს უფრო ყურადღებით მივუდგები და ადამიანების წარსულსა და აწმყოს მეტად ჩავეძიები. ჩემი ბრალია და ერის წინაშე ბოდიშს ვიხდი, რომ ასეთი პიროვნებები ავირჩიე“, – აცხადებს წიკლაური.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი