logo_geo
მამუკა ბახტაძე: ვახერხებთ, ურთულესი გამოწვევებისა და პროვოკაციების პირობებში, თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის ესკალაცია
- +

7 აგვისტო. 2018. 13:08

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე მრგვალ მაგიდაზე განაცხადა, რომ ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მაღალ დონეზე დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

 

„საერთაშორისო თანამეგობრობა კონსოლიდირებულია საქართველოს მხარდაჭერაში და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, შეცვალოს აღიარების უკანონო გადაწყვეტილება და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. ჩვენი თავდაუზოგავი მუშაობით სამშვიდობო ფორმატებში, ჟენევის მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში, ვახერხებთ და ურთულესი გამოწვევებისა და პროვოკაციების პირობებში თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის ესკალაცია. ჩვენი აქტიური ძალისხმევით რთულად, მაგრამ მაინც ვახერხებთ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებისა და პრობლემების ეტაპობრივ გადაჭრას. ათი წლის უკან, რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო ვალდებულება, რომ არ გამოიყენებდა ძალას და ომის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნებდა რუსეთის სამხედრო შენაერთებს. თუ რუსეთის მთავრობა იაზრებს რუსი ხალხისა და სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესს სამეზობლოში მშვიდობასა და სტაბილურობასთან დაკავშირებით და სურს კეთილმეზობლური, პატივისცემაზე დამოკიდებული თანამშრომლობა საქართველოსთან, მან უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად. რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საქართველოს ტერიტორიებიდან უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები. რუსეთის ფედერაციამ უნდა შეწყვიტოს მავთუხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა საოკუპაციო ხაზზე და არ შეუშალოს ხელი უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას ადგილზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი