logo_geo
ირაკლი კობახიძე: გიორგი მარგველაშვილი რეგულარულად არღვევდა პრინციპებს
- +

14 აგვისტო. 2018. 19:08

 

 

„ყოველთვის, როდესაც სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილებები "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების წინააღმდეგ, პრეზიდენტი ხდება ხოლმე აგრესიული სასამართლოს წინააღმდეგ. ეს ვერ იქნება უბრალო დამთხვევა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა და მაგალითად მოიყვანა პრეზიდენტის პოზიცია სააკაშვილის ორ საქმესთან და "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით.

 

კობახიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტთან კონსულტაციის გამართვა გადაიფიქრა.

 

„ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ გვაქვს საკმაოდ პესიმისტური მოლოდინი. ეს დაკავშირებულია წარსულ გამოცდილებასთან. გიორგი მარგველაშვილი რეგულარულად არღვევდა პრინციპებს, როდესაც საქმე ეხებოდა სასამართლოში კადრების გამწესებას. იყო იქ საუბარი თანამშრომლების გამწესებაზე. სხვა მხრივაც იყო არაერთი გადაცდომა. ეს გვიჩენს განცდას, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც იხელმძღვანელებს არა სახელმწიფოებრივი, არამედ სუბიექტური ინტერესებით. მეც მიმაჩნია, რომ მაინცდამაინც დიდი აზრი არ ექნება ამ კონსულტაციებს. დაველოდებით პროცესების განვითარებას. პრეზიდენტს აქვს თავისი პრეროგატივა, პარლამენტს - თავისი და ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პრიორიტეტების შესაბამისად", - განაცხადა კობახიძემ.

 

კითხვაზე, რა შეიცვალა ერთ დღეში, ვინაიდან უმრავლესობა ჯერ კიდევ გუშინ მზადყოფნას გამოთქვამდა პრეზიდენტთან შეხვედრაზე, კობახიძე ამბობს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია გარკვეული კომუნიკაციის არსებობის შესახებ, თუმცა დამატებით გაკეთდა განცხადებები, რომლებმაც მიუთითა, რომ პრეზიდენტი შეეცდება პროცესი კინკლაობაში გადაიტანოს.

 

„მისი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ არის არასახელმწიფოებრივი. ეს არაერთხელ გამოავლინა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სასამართლომ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილებები და სამივე შემთხვევაში სასამართლო გახდა დარტყმის ობიექტი პრეზიდენტის მხრიდან. სამივე შემთხვევა ეხებოდა "ნაციონალურ მოძრაობას". მას აქვს თავისი სუბიექტური განწყობები, ინტერესები, აქედან გამომდინარე ჩვენი მოლოდინები არის პესიმისტური",- განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი