logo_geo
ვინ არიან ახალი გუბერნატორები?
- +

20 აგვისტო. 2018. 15:32

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ახალი გუბერნატორები წარადგინა.

 

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პოსტს შალვა კერესელიძე დაიკავებს.

 

 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, იგი დუშეთშია დაბადებული და იცნობს რეგიონის სპეციფიკას და მის პრობლემებს.

 

„მას აქვს დიდი გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში. ის დღემდე ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს; მას აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ შეგვიძლია შევიტანოთ დამატებით ინკლუზიური განვითარება ამ ულამაზეს რეგიონში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის პოსტზე მამუკა ბახტაძემ შოთა რეხვიაშვილი წარადგინა.

 

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის იკავებდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ასევე მას აქვს დიდი გამოცდილება სამართალდაცვით სფეროში.

 

„მჯერა, რომ იგი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ქვემო ქართლში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები რეგიონის წინსვლისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორის პოსტზე მამუკა ბახტაძემ ბესიკ ამირანაშვილი წარადგინა.

 

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღემდე ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.

 

„წარმატებებს ვუსურვებ მას ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ხოჯევანიშვილი წარადგინა.

 

 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ის სახელმწიფო სტრუქტურაში კერძო სექტორიდან გადმოინაცვლებს.

 

„ის დღემდე იკავებდა თანამდებობას კომპანია „მაგთიკომში“. მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება, იყო ვენეციის კომისიის წარმომადგენელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის პოსტს ალექსანდრე მოწერელია დაიკავებს.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ალექსანდრე მოწერელია სახელმწიფო სტრუქტურაში კერძო სექტორიდან მოდის.

 

„მას აქვს ძალიან საინტერესო ბიზნეს პროექტების გამოცდილება სოფლის მეურნეობაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ რეგიონებში ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში ის შეძლებს თავისი წვლილის შეტანას“, - განაცხადა ბახტაძემ.

 

გურიის რეგიონის გუბერნატორის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნასარია წარადგინა.

 

 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მას აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობის საკითხებში.

 

„მჯერა, რომ ზურაბი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება გურიაში შეიცვალოს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ ამ რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტების რეალიზაციის შემდეგ ვიხილავთ მნიშვნელოვანწილად გააქტიურებულ ეკონომიკურ ცხოვრებას გურიაში“, - განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.

 

იმერეთის რეგიონის გუბერნატორად პრემიერ- მინისტრმა შავლეგო ტაბატაძე წარადგინა.

 

 

„შავლეგო გახლავთ გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი. ის გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სწორედ ის ხელმძღვანელობდა ქართული მხრიდან ძალიან მნიშვნელოვან სწავლებებს. იგი მონაწილეობდა საქართველოს სამშვიდობო მისიებში და ის გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო ამ მიმართულებით. მას აქვს ძალიან დიდი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და პირადად მისი ავტორიტეტი ჩვენს ჯარისკაცებში საკმაოდ მაღალია. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ასეთი შესანიშნავი ბიოგრაფიის კაცს ჩვენ ვანდობთ ისეთ საპასუხისმგებლო საქმეს, როგორიც არის ქვეყნის ერთ-ერთი რეგიონის ხელმძღვანელობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი