logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: მემუქრებოდნენ!
- +

23 აგვისტო. 2018. 20:30

 

„თუ ძლიერი ქვეყანა გვინდა, რომელიც მტრების პროვოკაციებსა და გავლენას გაუძლებს, ამის მიღწევა პატარა ქვეყნისთვის იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ძალადობას, გაუთავებელ სიძულვილს დავივიწყებთ და ჩვენს ფესვებს დავუბრუნდებით“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ჯიხაიშში განაცხადა, სადაც საკუთარი წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო:

 

„თუ ძლიერი ქვეყანა გვინდა, უაზრო დაპირისპირებები და ჯიბრი არ შეიძლება. თუ ევროპულად ძლიერი ქვეყანა გვინდა, მშვიდობიანი, გაერთიანებული და ტოლერანტული ქვეყანა უნდა გვქონდეს. დღეს რაც ხდება – სიძულვილი, გაუთავებელი ქიშპობა და ასე შემდეგ, არ შეიძლება. მემუქრებოდნენ, რომ აქ კვერცხების სროლა იქნებოდა. ველოდები, თუ ვინმეს გაქვთ კვერცხი წამოღებული, გთხოვთ, მაგრამ ეს არის ის, რაც ამ ქვეყანას ასუსტებს. ბევრი საუბარია იმაზე, რომ თურმე, ამ შთამომავლობიდან პრორუსი გავხდი და არა საქართველოს დამოუკიდებლობის მსურველი და დამცველი. თუ ძლიერი ქვეყანა გვინდა, რომელიც მტრების პროვოკაციებსა და გავლენას გაუძლებს, რაც მსოფლიოში არსებობს, ამის მიღწევა პატარა ქვეყნისთვის იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ძალადობას, გაუთავებელ სიძულვილს დავივიწყებთ და ჩვენს ფესვებს დავუბრუნდებით. ასეთია პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს გზაზე უნდა დაგვაყენოს და რითაც ქვეყანა ცოცხლობდა და თავისი თავი აქამდე მოიტანა.

 

პრეზიდენტი მედიატორია ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. დღეს ბევრი ნაკლოვანებაა ამ ურთიერთობაში. მთავრობა თავისას აკეთებს, კარგს, შეიძლება მეტი გვინდოდეს, ზოგჯერ საზოგადოებამ არ იცის, რა კეთდება და არ ესმის, რატომ კეთდება, მაგრამ ეს ურთიერთობა არის სადღაც გახლეჩილი და არ არის იმ დონეზე, რომლითაც გვსურს, ძლიერი ქვეყანა გვქონდეს. ახალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს ვეტომდებელი, ინიციატორი უნდა იყოს. საზოგადოებასთან დიალოგი და ურთიერთობა უწყვეტად უნდა წარმოებდეს და მასთან კრიტიკული პრობლემები უნდა მივიდეს, ის,რაც საზოგადოებას სტკივა“.

 

სალომე ზურაბიშვილმა, როგორც ნიკო ნიკოლაძის შთამომავალმა, წინასაარჩევნო კამპანია დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო, სადაც ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი მდებარეობს. ზურაბიშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატია.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი