logo_geo
„ევროპარლამენტის კვლევაში საქართველოს ევროპულ დღის წესრიგს ექსპერტი მაღალ შეფასებას აძლევს“
- +

3 სექტემბერი. 2018. 10:53

 

 

„საქართველოში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმთავრესი პრიორიტეტია და სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეა აყვანილი, რაც დადასტურდა 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთებული სპეციალური ჩანაწერით“,- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის შეკვეთით ექსპერტ კატერინა ვოლჩუკის ანგარიშში, რომელიც წარადგინეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე მომხსენებლების ანგარიშის პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას.

 

საგარეო უწყების ცნობით, ექსპერტი საკუთარ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველომ გამოხატა განსაკუთრებული მისწრაფება გააღრმავოს ევროკავშირთან ინტეგრაცია ასოცირების შეთანხმების მიღმა, რაც ევროინტეგრაციის შესახებ საგზაო რუკის შემუშავების დაწყებით გამოიხატა.

 

„საგზაო რუკა მიზნად ისახავს ასოცირების მიღმა სექტორული ინტეგრაციის გაღრმავებას ევროკავშირთან, მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის „სკრინინგის“ პროცესიის დაწყებას, რაც ევროკავშირთან კიდევ უფრო ამბიციური ინტეგრაციის დაწყების საშუალებას იძლევა“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

ექსპერტი ასევე მიესალმება და ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის ღიაობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული ქმედებების მონიტორინგისა და დაგეგმვის პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის თვალსაზრისით და აღნიშნავს რომ საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობა პრიორიტეტად აქცია.

 

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ღია მმართველობაა, რაც არასამთავრობო სექტორთან ინტენსიური დიალოგით და ევროინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობით გამოიხატება. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, მხოლოდ საქართველოს აქვს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმასთან, რაც საშუალებას აძლევს არასამთავრობო სექტორს გაუწიოს აქტიური მონიტორინგი ასოცირების შეთანხმებით და დღის წესრიგით მიმდინარე რეფორმებს“, - ნათქვამია ექსპერტის ანგარიშში.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ასოცირების შეთანხმებების განხორციელების მონიტორინგი ევროპარლამენტის ახალი ინიციატივაა, რომელსაც ევროპარლამენტი დამოუკიდებლად განახორციელებს.

 

მონიტორინგი შეეხება სამივე ასოცირებული ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) მიერ ასოცირების შეთანხმებების განხორციელების მიმდინარეობას. საქართველოს შემთხვევაში ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშთან დაკავშირებით მომხსენებელია ევროპარლამენტარი ანდრეს მამიკინსი.

 

30 აგვისტოს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე გაიმართა მამიკინსის მიერ მომზადებული ანგარიშის პირველი მოსმენა. მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში ანგარიშს კენჭს უყრიან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე, ხოლო მიმდინარე წლის ნოემბერში ანგარიშს კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

big_banner
არქივი