logo_geo
ირმა ინაშვილი: ძალიან ნაადრევია სერგი კაპანაძის, ბოკერიებისა და „ნაცმოძრაობის“ სიხარული...
- +

18 სექტემბერი. 2018. 14:40

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს არ შეხვედრია და მის მიერ ფრაქცია „პატრიოტების“ შესაძლო დატოვებაზე ინფორმაცია არ აქვს.

 

ინაშვილის თქმით, ამის შესახებ მედიიდან შეიტყო, თუმცა ეს ტრაგედია არ არის.

 

„არ მიმაჩნია, რომ ტრაგედია ხდება. ცხოვრებაში ხშირად ბევრად უფრო დიდ განსაცდელს შეხვდება. ვფიქრობ, ზედმეტი ემოციები არ არის საჭირო. პირველ რიგში გეტყვით, რომ პატივს ვცემ ნატო ჩხეიძეს. ჩვენ მხოლოდ დადებითი, კარგი ურთიერთობა გვქონდა. სამწუხაროდ, მასთან არ მქონია შეხვედრა, რომ გვესაუბრა ამ თემებზე“, – განაცხადა ინაშვილმა.

 

მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები არიან, „ომეგას“ ირგვლივ განვითარებული პროცესების შესახებ მან მედიიდან შეიტყო.

 

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ჩხეიძეს ფრაქციის დატოვების გადაწყევტილება გუნდისგან არასათანადო მხარდაჭერის გამო მიეღო, ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ სწორედ ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი.

 

„არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ის არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ თითქოს, პარტიის მხრიდან მას სათანადო მხარდაჭერა არ ჰქონდა, მაგრამ მკაფიოდ ვამბობ, შენი გუნდის წევრს რომ მხარდაჭერა გამოუცხადო, ზუსტად უნდა იცოდე რა პროცესთან გაქვს საქმე. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცოდით დეტალები „ომეგას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

ამასთან, ირმა ინაშვილი ნატო ჩხეიძეს ურჩევს, სურვილის შემთხვევაში, დატოვოს პარტია, მაგრამ საპარლამენტო ფრაქციაში დარჩეს.

 

„ნატო ჩხეიძეს ვურჩევ, თუ სურვილი აქვს, პარტია დატოვოს, მაგრამ დარჩეს ფრაქციაში. იმასაც გეტყვით, რომ ძალიან ნაადრევია სერგი კაპანაძის, ბოკერიების და „ნაცმოძრაობის“ სიხარული, რომ დაიშლება „პატრიოტთა ალიანსი“ და ირმა ინაშვილი დაკარგავს ვიცე-სპიკერის პოსტს. არ ვიყავი ვიცე-სპიკერი, მაგრამ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე სააკაშვილისა და ბოკერიას რეჟიმის დემონტაჟში. ვეცდებით, ვნახოთ დეპუტატი, რომლიც გაერთიანდება ჩვენს ფრაქციაში. თუ ვერ ვნახავთ ასეთ დეპუტატს, გავაგრძელებთ იმ რეჟიმში საქმიანობას, რის საშუალებასაც კანონი მოგვცემს“, – განაცხადა ინაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი