logo_geo
ვანო ზარდიაშვილი: მარიხუანას პირდაპირ ეთერში ეწევიან, სტადიონებზე ეწევიან, ყველგან ეწევიან და ამ კუთხით ბაკქანალიაა
- +

19 სექტემბერი. 2018. 15:05

 

 

„მთლიანად ფართო საზოგადოება გამოვიდა ქუჩაში - მარიხუანას პირდაპირ ეთერში ეწევიან, სტადიონებზე ეწევიან, ყველგან ეწევიან და ამ კუთხით პირდაპირი მნიშვნელობით ბაკქანალიაა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მარიხუანას მოხმარების რეგულირებას განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდება აღნიშნული კანონპროექტი, რომელთან წინააღმდეგაც დღევანდელ სხდომაზე სასულიერო პირებისგან ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოისმინა.

 

„რაზეც ახლა ვმსჯელობთ, კონკრეტულად ამ კანონის მიღების დროს, სინდისი არ მქენჯნის. პირიქით, ვალდებულება გამაჩნია ამაზე ვიმსჯელოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ. ისედაც რთული ვითარებაა, ნაკლებად ინფორმირებულია და შესაძლოა, ეს ჩვენი ბრალია სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. ინფორმაციის ნაკლებობა არსებობს როგორც ეკლესიაში, ისე სახელმწიფოსა და მთლიანად საზოგადოებაში. ნარკოტიკების აქტიური და ჭარბი მოხმარება საქართველოში იწყება 90-იანი წლებიდან. გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც პოლიცია ნარკოტიკების მოხმარებისთვის იჭერდა ადამიანებს, მერე ქრთამის სანაცვლოდ უშვებდა, შემდეგ გვახსოვს პერიოდი, როდესაც სახელმწიფო ადამიანებს ნარკოტიკების მოხმარებისთვის ციხეში ალპობდა. ამ ყველაფრის მერე როგორც ერის, ასევე ბერის მოთხოვნით, სახელმწიფო მარიხუანას მოხმარებაზე ხალხს ბოლო სამი წელია აღარ იჭერს. ამაზე ვთანხმდებით ყველა. დედა ეკლესიაც ამას ითხოვდა, რომ მოხმარების გამო ადამიანი არ უნდა იჯდეს ციხეში, ეს გაიზირია სახელმწიფომაც. ამან შექმნა ქვეყანაში რაღაც მოცემულობა, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე - როდესაც საზოგადოებამ ნახა, რომ აღარ იჭერდნენ, ის თავნებობა, თავისუფლება თუ გამოვლენა მოხდა აშკარად. ამას დაემატა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მთლიანად ფართო საზოგადოება გამოვიდა ქუჩაში - პირდაპირ ეთერში ეწევიან, სტადიონებზე ეწევიან, ყველგან ეწევიან და ამ კუთხით პირდაპირი მნიშვნელობით ბაკქანალია. დღეს წარმოდგენილი რეგულაციების მიმართ ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი“, - განაცხადა ზარდიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი