logo_geo
აკაკი ზოიძემ ლევან გოგიჩაიშვილს ემოციურობისთვის ბოდიში მოუხადა
- +

20 სექტემბერი. 2018. 16:49

 

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს ემოციურობისთვის ბოდიში მოუხადა.

 

ზოიძემ განცხადება იურიდიულ კომიტეტზე გააკეთა და ლევან გოგიჩაიშვილს მიმართა, რომ მასთან საკითხზე კონსულტაციებს გააგრძელებს.

 

„მე მინდა, ბოდიში მოვუხადო ლევან გოგიჩაიშვილს, თუ რაიმე ჟესტით გამოვხატე თავიდან მოცილების მცდელობა. ეს ასე არ იყო, ბოდიშს ვიხდი, ბატონო ლევან. ძალიან ემოციური საკითხია. პირადად მე ძალიან დიდი შინაგანი წინააღმდეგობა მაქვს ამ საკითხზე მსჯელობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ როგორც სიგარეტის ბიზნესი არის სიკვდილის ბიზნესი და ხვალვე უნდა გაკოტრდეს, ისევე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი ბიზნესია სათამაშო ბიზნესი, რომელიც ადამიანის ვნებებზე მოქმედებს. ამ ბიზნესისგან სარგებლის მიღება არსებობს, მაგრამ ზიანი მეტი მოსდის ქვეყანას. ჩემი აზრით, თამბაქოს მოწევის დაშვების გამონაკლისი სამორინეებსაც არ უნდა ეხებოდეს. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან კონსულტაციებს, დავსხდეთ, გავიაროთ ეს თემა და თუ რაიმე დამაკმაყოფილებელ პრინციპს შეიძლება მივაღწიოთ, მზად ვართ ვიმსჯელოთ ამაზე“, - განაცხადა ზოიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობის წევრებს შორის ხმაური მოჰყვა.

 

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს საკითხი დაუშვებელია და ის პრინციპულად შეეწინააღმდეგება მას.

 

„საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს, გეუბნებით მე თქვენ. კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს და დეპუტატ ლევან კობერიძეს, რაზეც ზოიძემ უპასუხა, „ნუ ეჭიდავებოდა რაღაც სისულელეზე“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი