logo_geo
„ჯარს, პოლიციას და სპეცსამსახურებს ვებრძვით, იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებაში მისი ავტორიტეტი ავწიოთ“
- +

12 იანვარი. 2017. 01:16


 



ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი

დაზვერვის სამსახურის უფროსის მრჩეველი 2012-2016 წ.წ.


პარლამენტში ახალი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს როგორ მოგვისმინონ ისე, რომ თან უსაფრთხოდ ვიყოთ და თან მოსმენაც გვესიამოვნოს, ანუ "სანდო" სტრუქტურამ გასცეს ნებართვა.


დავიწყოთ იმით, რომ უაზრობაა ახალი სტრუქტურების შექმნა იმ მოტივით, რომ მოქმედ სტრუქტურას არ ვენდობით. უაზრობასთან ერთად ეს უბრალოდ არასახელმწიფოებრივია.


ყველა წარმატებულ სახელმწიფოში ცდილობენ ჯარის, პოლიციის და სპეცსამსახურების პრესტიჟის აწევას, ჩვენ კი ვებრძვით, იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებაში მისი ავტორიტეტი ავწიოთ.


იქნებ რომელიმე სახელმწიფო დამისახელოს ვინმემ, სადაც საკუთარ სპესამსახურს არ ენდობიან და მისი გარკვეული ფუნქციების ჩანაცვლებას ახალი, სრულიად უფუნქციო სტრუქტურით ცდილობენ?


ე.ი. უნდა შეიქმნას ახალი სააგენტო, დიდი ალბათობით მაღალი ანაზღაურებით, ბოლო მოდელის ჯიპებით და აუცილებლად ფეშენებელური ავეჯით და რა უნდა აკეთონ იქნებ ახსნას ვინმემ? რა ფუნქციებით იქნება ეს სააგენტო დაკავებული, შტამპებს დაარტყამენ ვის მოუსმენენ და ვის არა?


და ამ უტვინო ერთი ფუნქციის შესასრულებლად სააგენტო უნდა შევქმნათ?


ვინმე იძლევა გარანტიას, რომ ეს სააგენტო მონსტრად არ იქცევა?


ვინმე იძლევა გარანტიას, რომ ეს სააგენტო რამდენიმე წელში მედიის და ე.წ. მესამე სექტორის საჯიჯგნად არ იქცევა?


რატომ ვიგონებთ ველოსიპედს ახლიდან? აგერაა დგას ვარდების მოედანზე და გადახატეთ.


ვინმემ შეიმუშავა ან უფიქრია მაინც რა კონტიგენტით უნდა დაკომპლექტდეს ასეთი სააგენტო? იცით, რომ უამრავი საქმე, რომელიც მოსმენებთან იქნება დაკავშირებული საიდუმლოების შემცველი იქნება? შესაბამისად, თუ ამ სააგენტოს რომელიმე თანამშრომელს ეცოდინება ვის უსმენენ, გვაქვს იმის გარანტია, რომ ეს საიდუმლოება არ გაჟონავს?


წარმოიდგინეთ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს ოპერაციას უცხო ქვეყნის შპიონური ქსელის ან ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პირების პირების წინააღმდეგ. შეიცავს თუ არა საფრთხეს ამ პირების, მათი ტელეფონის ნომრების და სხვა მონაცემების გაჟონვა?


არ ვენდობით საკუთარ სპეცსამსახურს და უნდა ვენდოთ რაღაც ახლადშექმნილ სააგენტოს, რომელსაც ბავშვთა სამყაროთი დავაკომპლექტებთ? ასეთი მიდგომა განამტკიცებს საზოგადოების უსაფრთხოებას?


რატომღაც ამ იდეების ავტორებს ხმა არ ამოუღიათ რისთვის შეიძინა თავის დროზე თავდაცვის სამინისტრომ მოსასმენი აპარატურა ან სად იმყოფება ახლა. ეს ისე...


ყველანაირი იერიში სახელმწიფო ინსტიტუტებზე ჩემთვის მიუღებელია. ასევე მიუღებელია უკონტროლო მოსმენები და სხვის პირად ცხოვრებაში ცხვირის შეყოფა. ნებისმიერს, ვინც ამას არა მხოლოდ უკანონოდ, არამედ ამორალურად ახორციელებს და შემდეგ იყენებს, ის ცხვირი უნდა მოტყდეს.


ცხვირის მოსამტვრევად ან ცხვირის შეყოფის აღსაკვეთად განა ახალი სტრუქტურაა საჭირო, რასებული სისტემა უნდა დაიხვეწოს.


მოსახლეობას ავუხსნი, რომ სუს-ი პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული, მისი უფროსი ინიშნება 6 წლით (ეს ციფრი შემთხვევით არაა შერჩეული). შევიმუშაოთ ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომ საზოგადოებამ და მისმა არჩეულმა პარლამენტმა შესძლოს ამ სტრუქტურის კონტროლი.


ასევე გავამკაცროდ უკანონო მოსმენების, თვალთვალის და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.


თუ სუს-ის თანამშრომელს ეცოდინება, რომ უკანონო მოსმენაზე სამუდამო პატიმრობას მიიღებს, ასჯერ დაფიქრდება წავიდეს თუ არა ასეთ დანაშაულზე.


ვიმუშაოთ მორალური ნორმების ამაღლებაზე, რა არის ნორმა და რა სცდება კაცობის თუ სხვა ნორმების ფარგლებს.


ჩვენ თავისუფლება ხშირად აღვირახსნილობაში გვერევა.


ვიმუშაოთ ოფიცრის, არ აქვს მნიშვნელობა სამხედრო ის, პოლიციელი თუ უშიშროების წარმომადგენელი, პრესტიჟის, მისი ღირსების, განსაკუთრებით მუნდირის ღირსების ამაღლებაზე. ვიმუშაოთ, რომ ოფიცრის მუნდირის მატარებელი მოქალაქე გრძნობდეს საზოგადოების ნდობას, თვლიდეს, რომ ის კი არ მუშაობს, არამედ სამშობლოს, ჩვენ გვემსახურება.


თუ ამ მიმართულებებით ვიმუშავებთ, ანუ თუ ოფიცერს, მოსამსახურეს ერთის მხრივ ეცოდინება, რომ მისი სამსახური პრესტიჟულია, მას საზოგადოებაში პატივს სცემენ, ხოლო მეორეს მხრივ ეცოდინება, რომ ამ ნდობის ბოროტად გამოყენებისათვის ის მკაცრად აგებს პასუხს, ყველა პრობლემა მიოგვარდება.


რა თქმა უნდა, კონტროლის მექანიზემბი უნდა დაიხვეწოს, ამაზე საუბარიც არაა.


მოკლედ, ან ავაშენებთ სახელმწიფოს, ან ვიქნებით მუდიმავდ იმ მდგომარეობაში, როგორშიც აღვმოჩნდით და ვიმყოფებით.


სახელმწიფოს ხერხემალი განა მესამე სექტორი ან საექსპერტო საზოგადოებაა, რომელსაც ამჟამად მეც მივეკუთვნები, - ჯარი და სპეცსამსახურებია, რომელთა გამართული ფუნქციონირების გარეშე ძლიერი სახელმწიფოს აშენება შეუძლებელია. ისტორიაში მსგავსი მაგალითი არ მოიძებნება.


ცნობისათვის, მთელი ცხოვრება სამხედრო სამსახურში ვარ, აქედან 7 წელი ერთ-ერთ სპეცსამსახურში გავატარე. ვიცი რას ვგრძნობ, რას განვიცდი, რას ვწერ... ვიცი რა არის საჭირო იმისათვის, რომ თავდაცვის და უსაფრთხოოების სისტემა ხალხის სამსახურში იყოს. დანამდვილებით გეტყვით, რომ უნდობლობა და მაკონტროლებლის, მაკონტროლებელი სტრუქტურების შექმნა ამის რეცეპტი არაა.


 

 

წყარო http://www.geomediatv.ge/

 

 

 

big_banner
არქივი