logo_geo
„ნაციონალური მოძრაობიდან“ მიდის საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხებული პოლიტიკური გუნდი“
- +

12 იანვარი. 2017. 10:41


„ნაციონალური მოძრაობიდან" მიდის საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხებული პოლიტიკური გუნდი", - ამის შესახებ პარტიის წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს.


წიკლაური ეხმაურება პარტიის წევრების ნაწილის - ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის" დატოცვების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

 

„დღეს განდგომილთა მცირე ჯგუფი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას". თუმცა, ზუსტად ასევე ეს პარტია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით დატოვეს ოქრუაშვილმა, ბურჯანაძემ, ნოღაიდელმა, „ოცნებაში" გადაბარგებულმა მაჟორიტარებმა, „გირჩებმა", ვაშაძემ.

 

ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო ჩვენი პოლიტიკური ძალის დასუსტება, რადგან „ნაციონალური მოძრაობა" არის არა მხოლოდ პარტია, არამედ ქვეყნის გაძლიერების და განვითარების საუკუნოვანი ეროვნული იდეა, ხოლო მისი მხარდამჭერებისთვის სწორედ ეროვნული იდეის გამარჯვება არის უმთავრესი მიზანი", - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.


ნუგზარ წიკლაური ბოკერიას ჯგუფს საკუთარ ამომრჩევლებთან ბრძოლაში დამარცხებულ პოლიტიკურ გუნდს უწოდებს.


„ეს არის საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხებული პოლიტიკური გუნდი, რომელიც იმდენად იზოლირებულია, იმდენი პოლიტიკური სიმამაცეც კი არ გააჩნია, რომ საკუთარი პარტიის ყრილობაზე, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე წარდგეს.

 

ამავე დროს, დღევანდელი დღე არის კაბინეტური მმართველობის და კარჩაკეტილობის დასასრული. „ნაციონალური მოძრაობა" უბრუნდება ეროვნულ და დემოკრატიულ საწყისებს და კვლავ ხდება იმგვარი პოლიტიკური ძალა, რომლის კარი ღიაა ყველა პატრიოტისთვის. ამ თვალსაზრისით, იწყება ჩვენი ბრძოლის ისტორიული ეტაპი და ეს ეტაპი უთუოდ დასრულდება საქართველოს გამარჯვებით. ახლა ყველას გვჭირდება მხნეობა, ახალი ბრძოლებისთვის მზადება და ერთ მუშტად შეკვრა. ძალა ერთობაშია", - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

 

 


 

big_banner
არქივი