logo_geo
LIBE-ს კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას
- +

12 იანვარი. 2017. 12:49



დღეს, 12 იანვარს, გაიმართა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტის (LIBE) სხდომა, რომლის ფარგლებშიც კენჭი ეყარა და ხმათა დიდი უმრავლესობით დამტკიცდა 539/2001 რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.


აღნიშნული ცვლილების პროექტი შეთანხმდა 13 დეკემბერს ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის, ხოლო 20 დეკემბერს ევროკავშირის საბჭო ევროკავშირში მუდმივის წარმომადგენლების კომიტეტის დონეზე დაეთანხმა ცვლილების მიღებას.


„მივესალმებით დღევანდელი კენჭისყრის შედეგებს და მოხარულნი ვართ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შემდგომი პროცედურის თანახმად, შესაბამისი რეგულაციის ცვლილებას კენჭს უყრის ევროპარლამენტი უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც, განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.


ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.


საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.


„იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

big_banner
არქივი