logo_geo
არჩილ თალაკვაძე „ნაციონალებს“: თქვენ ერთხელაც ვერ მოახერხეთ ბოდიშს მოხდა!
- +

19 ნოემბერი. 2016. 01:10


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართა.


„ნეპოტიზმზე საუბარი, როდესაც ქალაქის მერიაში შპს გქონდათ შექმნილი, სადაც აქტივისტებს ასაქმებდით ტექნიკური მუშაკების სამუშაო აღწერილობის ქვეშ, მე მგონი, ცოტა უსამართლოა. კორუფციაზე კი არ უნდა გვესაუბრებოდეთ ადამიანები, რომლებიც იმ ხელისუფლებას აფარებდით ხელს, სადაც მანქანებს ყიდულობდნენ ბიზნესმენები თქვენი მაღალჩინოსნებისთვის და დღეს პროკურატურას უხდება ამ დაძველებული მანქანების უკან დაბრუნება და მე ვფიქრობ, რომ სამართლიანი იქნება, განსახვავებები თქვენ თვითონ რომ აანაზღაუროთ.

 

თქვენ ხართ ხალხი, რომლებმაც სცემეთ საქართველოს ომბუდსმენი და მერე დააყოლეთ განცხადება, რომ ეს იყო დასასჯელად. თქვენ ხართ ხალხი, რომელიც აყალბებდით არჩევნებს. რაც თქვენი მმართველობის დროს ხდებოდა, ის იმედის მომცემი იყო თქვენთვის?! საკუთრების ჩამორთმევა, „ტელეიმედზე" რეიდების ჩატარება, ჟურნალისტების დაპატიმრება, სიკვდილიანობის კატასტროფული მაჩვენებელი სასჯელაღსრულების სისტემაში, უმძიმესი დანაშაულებები. პირად ცხოვრებაზე რომ გვესაუბრებით, ფირები გაქვთ გადაღებული და დღემდე ვერ დასრულდა ამ ფირების განადგურება, ხან სად და ხან სად პოულობენ მოქალაქეები. მაშინ ძალიან იმედის მომცემი გარემო იყო შექმნილი, თუ როგორ არის საქმე?! მოკლედ, ჩვენ მაინც მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მაგრამ მაინც დღეს თქვენ ხართ უცნაური თავისმართლების რეჟიმში და მე გთხოვთ, რომ კონსტრუქციულ, საქმის კეთების რეჟიმში გადავიდეთ. ამ წლების განმავლობაში თქვენ ერთხელაც ვერ მოახერხეთ ბოდიშს მოხდა და პასუხისმგებლობის აღება და დღეს არ უნდა გვესაუბრებოდეთ იმ საქმეებზე, რომელიც თქვენ გიკავშირდებათ. სამართლიან სასამართლოზე რომ საუბრობთ, რომელი იყო, ბატონი ბახუტოვი რომ მკვლელობაზე გაასამართლა და მოკლული ადამიანი რომ სოფელში დაბრუნდა - ეს იყო სამართლიანი სასამართლო?" - მიმართა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.

 

 

 

big_banner
არქივი