logo_geo
რევაზ არველაძე: არც ერთ საკვანძო თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილიყო ხალხი, ვინც ხელს შეუშლიდა ქვეყნის მართვაში „ქართულ ოცნებას“
- +

15 ოქტომბერი. 2018. 17:33

„ხალხი, ვინც ხელს შეუშლიდა ქვეყნის მართვაში „ქართულ ოცნებას“, არც ერთ საკვანძო თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილიყო“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, რევაზ არველაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, სადაც გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადებები.

 

რევაზ არველაძის თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მინისტრების მეტი არავინ შეცვლილა.

 

„2013 წლიდან ვამბობ ამას. ნიკოლო მაკიაველი იმიტომ კი არ მომწონს, რომ რადიკალი იყო და ამბობდა, რომ როდესაც ხელისუფლებაში მტერზე გამარჯვებით მოდიხარ, მტერს შვილი კი არა, შვილიშვილი არ უნდა დაუტოვო ცოცხალი, რომ რევანშზე არავინ იფიქროსო, იმას კი არ ვამბობ, რომ ვინმე უნდა მოგვესპო ფიზიკურად, არამედ საუბარია შემდეგზე – არც ერთ საკვანძო თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილიყო ხალხი, ვინც ხელს შეუშლიდა ქვეყნის მართვაში „ქართულ ოცნებას.“ სამწუხაროა, მაგრამ ეს ვერ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, – აღნიშნა არველაძემ.

 

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ზედმეტი დემოკრატიულობა არ სჭირდება.

 

„მინისტრების მეტი არავინ შეცვლილა, დანარჩენი ყველა დარჩა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ძველი ხელისუფლების მიერ დანიშნული ხალხი მათ უფრო გაუწევდა ანგარიშს, ვიდრე ახალმოსულებს. აქედან გამომდინარე, მხარს დავუჭერ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ შემოტანილ წინადადებას.

 

პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ზიანი მივაყენოთ ხელისუფლებას – ვიღაც არ უნდა დაინტერესდეს რას ნიშნავს ეს? ხელისუფლების ხელის შეშლა ქვეყნის განვითარების ხელის შეშლაა. ეს ხელის შეშლაა, რომ 2013 წლიდან დღემდე იმ დაპირებების ძალიან დიდი ნაწილი ვერ შესრულდა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ დღეს მაინც რაღაც უნდა განხორციელდეს. ეს დღევანდელი საუბარიც ქვეყნისთვის ხელის შეშლაა“, – განაცხადა არველაძემ ბიუროს სხდომაზე.

 

 

big_banner
არქივი