logo_geo
ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვატიკანი მხარს უჭერს საქართველოს ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერების გზაზე
- +

22 ოქტომბერი. 2018. 14:21

 

საქართველოში პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავზე ვიზიტი წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის მეგობრობასა და ჩვენს ბრწყინვალე ორმხრივ ურთიერთობებზე მიუთითებს, – ამის შესახებ წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არქიეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაჰერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო და რომის პონტიფიკოსებთან ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს.

 

„წმინდა საყდარმა საქართველოს დამოუკიდებლობა პირველივე ეტაპზე აღიარა და პირველ 10 სახელმწიფოს შორის იყო, რომელმაც თბილისში დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა. ამ დროიდან მოყოლებული, წმინდა საყდარი კავკასიის რეგიონის რელიგიურ და პოლიტიკურ მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება და მხარს უჭერს. გვახსოვს იმპერატივი, რომელიც რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ გამოაცხადა: „ჩვენ ორივე ფილტვით უნდა ვსუნთქავდეთ“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

მისი შეფასებით, საქართველო, რომელიც ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, განსაკუთრებული ღირებულებისა და წვლილის შემტანია კონტინენტისა და მისი ინსტიტუტების ფუნქციონირებაში.

 

„წმინდა საყდარი გულითადად აღიარებს იმას, რაც თქვენმა ქვეყანამ ევროპასთან ურთიერთობების გასაძლიერებლად უკვე გააკეთა. ჩვენ ამ გზაზე ძლიერ მხარდაჭერას გამოვხატავთ და აღნიშნული ურთიერთობა კონსოლიდაციამდე მიგვიყვანს, რომელიც ქართველი ხალხის სურვილია“, – აცხადებს არქიეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერი.

 

წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრა და დაზარალებული მოსახლეობის ტკივილის გამო წუხილი გამოთქვა.

 

გალაჰერის შეფასებით, თითოეული კონფლიქტი ერთა თანაცხოვრებისთვის დამაზიანებელია.

 

„სხვადასხვა ტრაგიკული მოვლენების კონტექსტში, რომელიც კავკასიაში გათამაშდა, განსაკუთრებით 10 წლის წინ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოვყოფ, რამაც კონფლიქტიდან გამომდინარე, ცხინვალი და აფხაზეთი რუსეთის კონტროლამდე მიიყვანა. წმინდა საყდარი გულისტკივილს გამოვთქვამთ ტკივილის გამო, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით დევნილებმა განიცადეს. გვსურს, ხაზი გავუსვათ, რამდენად დამაზიანებელია ერთა თანაცხოვრებისთვის თითოეული კონფლიქტი და რამდენად მნიშვნელოვანია მათი მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაცხოვრება“, – აღნიშნა წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

მან საქართველოს საზღვრების შესახებ ვატიკანის პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

„მინდა, ხაზი გავუსვა საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებულ საქართველოს საზღვრებს. ჩვენი პოზიციით, საქართველოს საზღვრები უცვლელი რჩება. ასევე, ძალაშია რომის პაპის 2016 წლის განცხადება, რომელიც მან თბილისში გააკეთა, სადაც ის აცხადებს, რომ მშვიდობიანი თანაარსებობა რეგიონის ქვეყნებს შორის მზარდ ურთიერთპატივისცემასა და ყურადღებას მოითხოვს, რომელიც საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში აღიარებული თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებებს ვერ დაჩრდილავს. წმინდა საყდრის სახელით, ქვეყანას აყვავებას, მშვიდობასა და ღვთის ლოცვას ვუსურვებ“, – აღნიშნა წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

არქიეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერი საქართველოში, ვიზიტის ფარგლებში, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველ პირებს, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.

 

„საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდები. ასევე,  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ვეწვევი და რომის პაპ ფრანცისკესგან თბილ მოკითხვას გადავცემ. შეხვედრა მექნება საქართველოში კათოლიკეთა თემთან“, – აღნიშნა მინისტრმა და განაცხადა, რომ დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც წმინდა საყდრის დიპლომატიაზე ისაუბრებს.

 

 

big_banner
არქივი