logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ...
- +

23 ოქტომბერი. 2018. 23:26

 

 

„ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, „TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“  ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა, „იმედის“ ჟურნალისტის, ირაკლი ჩიხლაძის კითხვის პასუხად.

 

მისი თქმით, უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ.

 

„მე დავბრუნდი პოლიტიკაში სამწუხაროდ და მე მოვახერხებ, რომ ის ვერტიკალი გუნდში გავამყარო, გუნდში ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ, უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ, პარტიაც გაძლიერდება და მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში  ყველას თავისი სახელი ერქმევა და ყველას თავისი ადგილი ექნება. ამას არ დასჭირდება ბევრი დრო, ვარწმუნებ საზოგადოებას, მაქსიმუმ ერთ წელიწადში. „რუსთავი 2“ ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი ძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს, ასეთ სიცრუეში აცხოვროს საზოგადოება და ასეთ სტრესებში. ის, რაც გააკეთეს 9 წლის მმართველობის დროს, დღესაც ცდილობენ, ისევ ძალადობის და სიცრუით მოახდინონ საზოგადოების მანიპულირება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, ის პირველ რიგში მაქსიმალურად გაამყარებს საკუთარ გუნდს.

 

„აი, მე ვპირდები საზოგადოებას პირველ რიგში იმას, რომ საკუთარ გუნდს მაქსიმალურად გავამაგრებ და გავამყარებ. მენეჯმენტია ჩემი უპირატესობა, რითაც წარმატებას მივაღწიე. მე გავაკეთებ ისეთ მენეჯმენტს, დავეხმარები გუნდს და ამისთვის შემოვბრუნდი სწორედ, რომ მათ უჭირდათ და დასჭირდათ ჩემი რესურსი. ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი მიეცემა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი