logo_geo
გუგა ქაშიბაძე: ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავდა 6 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა - მათი მდგომარეობა მძიმეა
- +

15 ნოემბერი. 2018. 13:44

 

„ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბნები აქვთ დამწვარი. ასევე მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები.

 

„44 წლის მამაკაცმა სხეულის 65%-ის დამწვრობა მიიღო, 24 წლის მამაკაცმა 50%-ის, ხოლო 6 წლის ბავშვმა – 12%-ის. მათი მდგომარეობა მძიმეა, ამიტომაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ დაშავებულებს ცოტა ხანში კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა მოინახულებს.

 

ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად სამი სართული დაზიანდა. აფეთქება მე–3 სართულზე მოხდა, სადაც არავინ არ იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად დაშავდა მე-2 სართულის ბინაში მცხოვრები სამი პირი.

 

big_banner
არქივი