logo_geo
ჯეიმს აპატურაი: სალომე ზურაბიშვილს რუსეთთან დაკავშირებით მყარი პოზიციები აქვს, გაურკვევლობა არ არსებობს
- +

13 დეკემბერი. 2018. 10:17

 

„სალომე ზურაბიშვილს რუსეთთან დაკავშირებით მყარი პოზიციები აქვს, გაურკვევლობა არ არსებობს, მოხარული ვარ, რომ ამ გზავნილით მივდივარ ბრიუსელში“, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილისგან ​ევრო-ატლანტიკური მისწრაფების თაობაზე ძალიან მკაფიო გზავნილები მოისმინა.

 

როგორც კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა მასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს საჭირო რეფორმებს.

 

„ძალიან კმაყოფილი ვარ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არჩეული პრეზიდენტი იყო ძალიან კარგად მომზადებული. ეს ეხებოდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეს ეხებოდა პოლიტიკურ თემატიკას და NATO-საქართველოს გეგმებს. სალომე ზურაბიშვილს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა ამ საკითხებზე და ეს მისასალმებელია. მე მისგან შეხვედრაზე მოვისმინე ძალიან მკაფიო გზავნილები ევრო-ატლანტიკური მისწრაფების თაობაზე. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველო გააგრძელებს საჭირო რეფორმებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ გააკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება.

 

რაც შეეხება რუსეთს. მას არ აქვს ილუზიები რუსეთის ქმედებებზე არც საქართველოში და არც რეგიონში. ის ძალიან მკაფიოა და მყარი პოზიციები აქვს. გაურკვევლობა არ არსებობს. მოხარული ვარ და ამ გზავნილით მივდივარ ბრიუსელში.

 

სალომე ზურაბიშვილი ძალიან მალე იქნება მთავარსარდალი. ის საუბრობდა შეხვედრაზე რეფორმებზე, რომლებიც თავდაცვის სფეროში ტარდება და აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ყველას გვსურს მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში. ამ ჭრილში განვიხილავთ ერთობლივ წვრთნებს და მაღალი დონის ვიზიტებს. გავაგრძელებთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საქართველოსთან აქტიურად მუშაობას“, – განუცხადა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი