logo_geo
თამარ ხულორდავა: ძალადობასთან შეგუება არ შეიძლება, ეს დამღუპველია ქვეყნისთვის
- +

17 დეკემბერი. 2018. 20:22

 

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმეს პასუხისგებაში მიცემა და სიტუაციის დამძიმება მინდოდეს, მაგრამ ძალადობასთან შეგუება არ შეიძლება, ეს დამღუპველია ქვეყნისა და მომავლისთვის.  ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ქმედებას თავისი შედეგი მოჰყვება“, – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განუცხადა.

 

ხულორდავა თელავში მომხდარ ინციდენტზე გამომძიებელმა გამოკითხა.

 

პარლამენტარის თქმით, რამდენიმე დეპუტატის მიმართ ძალადობრივი ფაქტი კამერებმა დააფიქსირა.

 

„საპროტესტო აქციის მონაწილეებთან ერთად ჟურნალისტებიც იყვნენ. ძალადობის შედეგად, პარლამენტის კუთვნილი ავტომობილი დაზიანდა. ამის შესახებ პოლიციაში გუშინ განვაცხადეთ და სამართალდარღვევის ოქმი შედგა. გამომძიებლისთვის ახალი სათქმელი ბევრი არაფერი გვქონდა, თუმცა კადრებში კარგად ჩანს, რა ფაქტს ჰქონდა ადგილი. ვწუხვარ, რომ ერთ-ერთი მამაკაცი ძალიან აგრესიული იყო. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მისი გამოყენება ხდება, მაგრამ ყველამ ჩვენს ქმედებაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. თუ დანაშაული დაუსჯელი დარჩება, ეს მომავალში სხვა დანაშაულს წაახალისებს, რასაც ვერ შევეგუები”, – დასძინა ხულორდავამ.

 

თელავის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა, ლაშა ოსეფაშვილმა თელავში მომხდარ ინციდენტზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამარ ხულორდავა და სოფიო ქაცარავა გამოკითხა. როგორც პირველ არხს ოსეფაშვილმა განუცხადა, ის ქონების დაზიანების ფაქტს იძიებს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი