logo_geo
დავით სერგეენკო: თუ ბურჭულაძეს პოლიტიკოსობა უნდა, ნაკლებად მისაღებია მისი გამოსვლა პეტერბურგში
- +

18 დეკემბერი. 2018. 12:16

 

„თუ ბურჭულაძეს პოლიტიკოსობა უნდა, ნაკლებად მისაღებია მისი გამოსვლა პეტერბურგში“, - ასე შეაფასა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ქართველი ბანის პაატა ბურჭულაძის სანკტ-პეტერბურგში გამართულ იმ კონცერტზე გამოსვლა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ესწრებოდა.

 

„ცალსახად გამიჭირდება შეფასება, რადგან ორი მიმართულება არის – პოლიტიკა და ხელოვნება. ხელოვნების მიმართულებას ვერანაირად ვერ შევაფასებ, ეს თავად ხელოვანის გადასაწყვეტია, რა აუდიტორიის წინაშე იმღერებს. ხოლო, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, თუ ბურჭულაძეს პოლიტიკოსობაზე აქვს ისევ ხედვა, ალბათ, ნაკლებად მისაღები იქნება ასეთი ნაბიჯის გადადგმა“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

აღნიშნული კონცერტი 15 დეკემბერს გაიმართა და ის რუსი დირიჟორის იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. ბურჭულაძემ კონცერტზე მყოფი აუდიტორიის, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წინაშე ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან „დაისი“ ერთ-ერთი არია - „ღვინოვ კახურო“ შეასრულა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი