logo_geo
მამუკა ბახტაძე: საჯარო მმართველობის სისტემის გამართული მუშაობა არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომ სახელმწიფო იყოს წარმატებული
- +

19 დეკემბერი. 2018. 15:29

 

 

„საჯარო მმართველობის სისტემის გამართული მუშაობა არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომ სახელმწიფო იყოს წარმატებული, ორიენტირებული იყოს განვითარებასა და წინსვლაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2018 წელს შესრულებული სამუშაოს შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ შედეგის დროულად მისაღწევად, საჯარო სამსახურის რეფორმირების მიზნით, მიღებული იქნა კანონი, რომელიც ქმნის ერთიანი, პროფესიული, მერიტოკრატიულ პრინციპზე დაფუძნებული, პოლიტიკისაგან თავისუფალი საჯარო სამსახურის განმტკიცებისათვის მნიშვნელოვან საფუძველს.

 

„მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენ წინაშე წარვდგები, როგორც იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც ჯერ კიდევ 2012 წლიდან საჯარო სამსახურის რეფორმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაისახა. როცა საქართველოს საჯარო სამსახურზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე, რომელმაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში საუკეთესოდ ჩამოაყალიბა თანამედროვე საჯარო ადმინისტრირების პრინციპები და ზუსტად ასახა სახელმწიფოს მმართველობისა და საჯარო ადმინისტრაციის ავტორიტეტისათვის კომპეტენტური საჯარო მოხელეების განსაკუთრებული მნიშვნელობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში  პროფესიული საჯარო მოხელე არის მთავარი ბირთვი, რომელიც არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი დასაყრდენი.

 

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საჯარო მმართველობის რეფორმა და მისი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი - საჯარო სამსახურის რეფორმა უწყვეტი და ხანგრძლივი პროცესია. საჭირო და აუცილებელია საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ჩვენი საჯარო დაწესებულებებისა და თავად საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მხრიდან რეფორმის მხარდაჭერა და ცხოვრებაში გატარება, რაც, გვჯერა, რომ აუცილებლად გამოიღებს ძალიან მნიშვნელოვან და ხელშესახებ შედეგს. მინდა მოგიწოდოთ, მხარი დავუჭიროთ საჯარო სამსახურში კვალიფიკაციის ამაღლებას და მოხელეთა გადამზადებას მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გასაზრდელად, რაც კვლავ და მუდამ პრიორიტეტად რჩება ჩვენი მთავრობისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის მნიშვნელოვანი დახმარება და კონტრიბუცია, რომელსაც დონორი ორგანიზაციები ახორციელებენ საჯარო სამსახურის რეფორმის პოპულარიზაციის მიზნით. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საჯარო სამსახურის რეფორმა წინ გადადგმული ნაბიჯია ამავე დროს იმისთვის, რომ საქართველო იყოს კიდევ უფრო წარმატებული ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებში.

 

„ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ ევროკავშირთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. ევროპასთან ასოცირების შეთანხმება ამ რეფორმის განხორციელების ვალდებულებასაც ითვალისწინებს და ამავე დროს გახლავთ ვიზა-ლიბერალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო პარტნიორები ძალიან ნათლად ხედავენ იმ ძალისხმევას, რაც გვაქვს ჩვენ რომ ეს რეფორმა გავხადოთ სამაგალითო და ყველაზე წარმატებული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრი პროფესიული საჯარო მოხელის დღის დაწესების ინიციატივითაც გამოვიდა და აღნიშნა, რომ დაფასებული უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მრავალი წელია ქვეყნისა და ხალხის სამსახურში დგანან.

 

„ვფიქრობ, რომ ჩვენი ვალია, მუდამ ხაზი გავუსვათ ამ ხალხის დიდ ღვაწლს ქართული სახელმწიფოს წინაშე. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩემი მიზანია პროფესიული საჯარო მოხელე, როგორც ინსტიტუტი, დაფასებული და მიმზიდველი გახდეს ჩვენს ქვეყანაში, რადგან სწორედ მოხელეთა ცოდნა, პროფესიონალიზმი და კარიერული ზრდით მოპოვებული გამოცდილება სჭირდება იმ მნიშვნელოვანი დარგობრივი რეფორმების განხორციელებას, რომლებსაც ჩვენი მთავრობა გეგმავს. საჯარო მოხელე სახელმწიფოს უწყვეტი ფუნქციონირების დასაყრდენია და შესაბამისად, მათი პროფესიული ღვაწლის დაფასება და მხარდაჭერა არის ჩვენი ვალდებულება და შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

big_banner
არქივი