logo_geo
ირმა ინაშვილი: ეკა ბესელია ამგვარ ტონალობას და დამოკიდებულებას არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებს...
- +

27 დეკემბერი. 2018. 18:47

 

 

„ეკა ბესელია ამგვარ ტონალობას და დამოკიდებულებას არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებს, რაც ახლა მესმის ზოგიერთი დეპუტატის მხრიდან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 

„მე აბსოლუტურად ნეიტრალური მხარე ვარ, რადგან ამ პროცესს ტელევიზიის საშუალებით ვაკვირდებოდი და არ შემეძლო, სხდომაზე არ შემოვსულიყავი მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული კომიტეტის წევრი არ ვარ. ჩვენი დღევანდელი პარლამენტის ყველაზე დიდი პრობლემა, იცით, რა არის? ერთმანეთის უპატივცემულობა. იმ გზის უპატივცემულობა, რაც გაიარეს ცალკეულმა დეპუტატებმა, იმავე ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბიძინა გეგიძემ , ამ ხალხმა და მე. დანარჩენ დეპუტატებს, სხვათა შორის, ამ დარბაზში მსხდომებსაც მინდა, შეგახსენოთ, რომ სწორედ ბესელიას, გოგიჩაიშვილის, ბიძინა გეგიძის, ჩემი და კიდევ სხვა ადამიანების ბრძოლის შედეგია, დღეს თქვენ პარლამენტში რომ სხედხართ. საერთოდ იმ ღირებულებებზე რომ ვლაპარაკობთ, რასაც ჰქვია თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ა.შ.“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

მისივე თქმით, იურიდიულ კომიტეტში ახლა შიდა გადატრიალებაა.

 

„გახსნილად საუბარი მიყვარს და პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენს კომიტეტში შიდა გადატრიალებაა, პატარა რევოლუცია ხდება. ამ პროცესს ზუსტადაც მოსამართლეების თემასთან ვაკავშირებ. ქალბატონი ბესელია ამგვარ ტონალობას და დამოკიდებულებას არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებს ზოგიერთი დეპუტატის მხრიდან, რაც ახლა აქ მესმის და ნამდვილად არ მომწონს“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, რაც დღეს ხდება, პატარა კრიზისია, მაგრამ მისი მასშტაბი ძალიან დიდია.

 

„ძალიან საგულისხმოა, რომ დღეს გადის რეზოლუციის პროექტი, რომლის დახვეწაშიც ამ კომიტეტსაც და პერსონალურად ეკა ბესელიას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. მაინცდამაინც დღეს შევიტყვე ეს ინფორმაცია, რომ ქალბატონი ეკა უნდა გადადგეს. მე თქვენ, ზოგიერთი სხვა კოლეგისგან განსხვავებით, გაფასებთ. საერთოდ იმ გზას ვაფასებ, რაც ჩვენ გავიარეთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმ გაწეული დიდი შრომისთვის, რასაც, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ამ კომიტეტში ეწეოდით. ერთმანეთისადმი მადლიერების გამოხატვა ვისწავლოთ. ეს ძალიან კარგი იქნება“, - დასძინა ირმა ინაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი