logo_geo
ეკა ბესელია: სხვებისგან განსხვავებით ბევრი ვიმეცადინე, რომ რეგლამენტის ყველა ნორმა ვიცოდე
- +

31 დეკემბერი. 2018. 12:03

 

 

„იმის მიუხედავად, რომ გარკვეული უცნაური ამბები ხდებოდა კომიტეტის სხდომამდე, ახლა კომიტეტს ჰყავს პირველი მოადგილე, რომელიც შეასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას“, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელსაც დღეს თავმჯდომარის რანგში ბოლოჯერ უხელმძღვანელა.

 

ბესელიას თქმით, თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გედევან ფოფხაძის არჩევა პროცედურის სრული დაცვით მოხდა.

 

„ეს 6 წელი უქმად არ გამიტარებია. გარდა იმისა, რომ სხვა ბევრ კანონზე ვმუშაობდი, რეგლამენტსაც კარგად ვიცნობ და ბევრიც ვიმეცადინე სხვებისგან განსხვავებით, რომ რეგლამენტის ყველა ნორმა ვიცოდე, რა შემთხვევაში რომელი ნორმა მოქმედებს და კონკრეტულ სიტუაციაში როგორ უნდა მუშაობდეს პარლამენტი. ამიტომ რეგლამენტის პროცედურას გავყევით და იმის მიუხედავად, რომ გარკვეული უცნაური ამბები ხდებოდა კომიტეტის სხდომამდე, შესაძლებელი გახდა რეგლამენტის დაცვით არჩევნების მეორე ტური ჩატარებულიყო, სადაც გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. მე კომიტეტს მივეცი შესაძლებლობა ემსჯელა და კენჭი ეყარა არა ერთი, არამედ სამი კანდიდატისთვის. ახლა კომიტეტს ჰყავს პირველი მოადგილე, რომელიც შეასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას იქამდე, ვიდრე პარლამენტი თავმჯდომარეს არ აირჩევს საგაზაფხულო სესიაზე.

 

ამ კომიტეტის თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც პრინციპულად დაიცავს იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რომელსაც კომიტეტი და პირადად მე ვიცავდი. თავმჯდომარე უნდა იყოს ის ადამიანი, რომელსაც ასევე პრინციპული პოზიცია ექნება ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის მართლმსაჯულების რეფორმა. მე არ დავუჭერ არცერთ იმ ადამიანის კანდიდატურას მხარს კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე, რომელიც ამ პრინციპებიდან გადაუხვევს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

კითხვაზე, რა უცნაური ამბები ხდებოდა კომიტეტის სხდომაზე, ბესელიამ აღნიშნა, რომ სხდომას არ დაესწრო კომიტეტის რამდენიმე წევრი, რომელთა ჩანაცვლებაც შესაძლებელი იყო ფრაქციის თავმჯდომარის წერილის საფუძველზე.

 

„რამდენიმე წევრი არ მოვიდა კომიტეტზე. ფრაქციის თავმჯდომარეს, ბატონ მდინარაძეს ვთხოვე ზაქარია ქუცნაშვილის ნაცვლად ბატონი რეზო არველაძე დასწრებოდა და თანახმა იყო ჩანაცვლებაზე. პროცედურა ითვალისწინებს, რომ ფრაქციამ უნდა გამოაგზავნოს წერილი, სხვა არაფერი სჭირდება ამას და ფრაქციამ წერილი არ გამოაგზავნა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი