logo_geo
თეა წულუკიანი: საქართველო სხვა ქვეყნებს აჩვენებს მაგალითს, რომ მსგავსი შეთანხმებები დადონ ამ სასამართლოსთან
- +

24 იანვარი. 2019. 20:30

 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან 2015 წელს დაწყებული მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა და სასჯელების აღსრულების შესახებ შეთანხმება გააფორმა.

 

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო აცხადებს ზოგად თანხმობას, ჩაერთოს სასამართლოს მიერ პირთათვის მისჯილი სასჯელების აღსრულების სისტემაში შეთანხმების დადებით. მეორე ეტაპზე კი, მას რჩება უფლება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვროს, სასამართლოს მიერ სასჯელშეფარდებული პირის აღსრულების მიზნით, საკუთარ ტერიტორიაზე მიღების მიზანშეწონილობა თანხმობის ან უარის გაცხადების გზით.

 

პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულების რაოდენობის სიმცირის გამო, ამ ეტაპზე, ჰააგის სასამართლოს სასჯელის აღსრულებისათვის, ქართული პენიტენციური სისტემის გამოყენების საჭიროება არ აქვს.

 

ჰააგას მსგავსი შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს ისეთ ევროპულ ქვეყნებთან, როგორიცაა: ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, ნორვეგია, სერბეთი,  შვედეთი, სლოვენია, დიდი ბრიტანეთი, ასევე ჩრდილო ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.

 

„დღეს ხელმოწერილი შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ თუკი მომავალში, ჰააგის სასამართლოს იმ საქმეებზე, რომლებსაც ის ახლა იხილავს, ეს არის კონგოს, სუდანის, ცენტრალური აფრიკის, კოტ-დივუარის საქმეები, დასჭირდება საქართველოს ხელშეწყობა, იმისათვის რომ ჩვენი ქვეყნის არამოქალაქე პატიმრების საქართველოში გადმოყვანა და მსჯავრდებულების მიერ სასჯელის მოხდა ჩვენს პენიტენციურ სისტემაში მოხდეს, საქართველო ამ მხარდაჭერას აღმოუჩენს ჰააგის სასამართლოს“ , - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

მისივე თქმით, დღევანდელი ხელმოწერით, საქართველო უერთდება იმ ევროპული ქვეყნების რიცხვს, რომლებსაც უკვე აქვთ ამგვარი შეთანხმება ხელმოწერილი.

 

„ამით, საქართველო სხვა ქვეყნებს აჩვენებს მაგალითს, რომ მსგავსი შეთანხმებები დადონ ამ სასამართლოსთან და დაეხმარონ მას, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება სისხლის სამართლის სფეროში სათანადოდ განხორციელდეს“ , - აღნიშნა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი